კობახიძე - პროკურატურის ცნობაზე: გვჭირდება მაქსიმალური სიფრთხილე
11/10/2024 11:33:53 პოლიტიკა
საქართველოს პროკურატურის ცნობას, რომ პოლიტიკოს გივი თარგამაძეს, 2016 წელს, სანამ მის ავტომობილს ააფეთქებდნენ, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დავალებით უთვალთვალებდნენ, ეხმიანება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ ეს ინფორმაცია მიიღეს მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებული დარჩო ხეჩუაშვილისგან. თუმცა პროკურორს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, დასტურდება თუ არა სხვა მტკიცებულებებით მსჯავრდებული ჩვენება.
„ძალიან საინტერესოა ეს დეტალები. გახსოვთ, რომ ეს უმძიმესი პროვოკაცია მოხდა, უშუალოდ, არჩევნების წინ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და რა თქმა უნდა, საინტერესო დეტალია ის, რომ მართალია, ეს ადამიანი ბოლომდე თავის ბრალს არ აღიარებს, მაგრამ პირდაპირ ხელს ადებს „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულ პირებს, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთ მაღალჩინოსანს. ამას სჭირდება დამატებითი გამოძიება და ამას სჭირდება ასევე ძალიან დიდი სიფრთხილის გამოჩენა. წარმოიდგინეთ, რომ ადამიანს, საქართველოში, პირდაპირ ემუქრებოდა 18-წლიანი ციხე და ასეთ დროს, ის კვეთს ე.წ. მწვანე საზღვარს, ცდილობს, საქართველოში შემოვიდეს უკანონოდ. ამხელა რისკზე როგორ შეიძლება წავიდეს ადამიანი, თუ ის არ შემოდის საქართველოში მორიგი დავალების შესასრულებლად. ეს არის ვარაუდი, რომელიც შეიძლება გამოითქვას, დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ. ეს ფაქტი, თავისთავად, მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური სიფრთხილე, საარჩევნო პროცესი წარიმართება უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, თუმცა კიდევ ორი კვირაა დარჩენილი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესი ბოლომდე ასე მივიყვანოთ, მშვიდ გარემოში. ამისათვის გვჭირდება პროვოკაციების პრევენცია, მათ შორის, მძიმე პროვოკაციების პრევენცია, რაზეც გრძელდება საუბარი, სხვათაშორის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პარტიულ ოფისებში. სახელმწიფო იქნება მაქსიმალურად კონცენტრირებული იმისათვის, რომ არა თუ მძიმე, ვერც ერთი პროვოკაცია ვერ მოაწყონ ამ ორი კვირის განმავლობაში,“- განაცხადა კობახიძემ.


