პარტიამ "გახარია საქართველოსთვის“ კომუნიკაციების კომისიას სასამართლოში უჩივლა
11/10/2024 11:07:24 პოლიტიკა
პარტიამ "გახარია საქართველოსთვის“ კომუნიკაციების კომისიას სასამართლოში უჩივლა. ამის შესახებ პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"კომუნიკაციების კომისია და მისი ხელმძღვანელი კახა ბექაური აგრძელებს ზეწოლას იმ ეროვნულ მაუწყებლებზე, რომლებმაც გვაღიარეს კვალიფიციურ სუბიექტად და მოგვანიჭეს უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება. დღეს ჩვენმა გუნდმა - პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“, კომისიის და ბექაურის უკანონო ქმედებების აღსაკვეთად, ოფიციალურად მიმართა სასამართლოს.
კომისია, ზეწოლის გზით, მაუწყებლებს არ აძლევს რეკლამის განთავსების საშუალებას, ხოლო ვინც განათავსა, მათ სამართალდამრღვევად ცნობს მათი დასჯის მიზნით. კომისიის აღნიშნული ქმედება გვართმევს საარჩევნო კამპანიის სამართლიან მედიაგარემოში წარმართვის შესაძლებლობას. ამასთან, პარტიის დაფუძნების დღიდან დღემდე, ტელეკომპანია „იმედს“ დაბლოკილი ვყავართ ეთერებში. ეს მაშინ, როცა უდიდეს საეთერო დროს უთმობენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ეთერში შეუფერხებლად გადმოსცემენ მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიას პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან. ეთერების დახურვა მოქალაქეებს ართმევს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას და ქმნის უსამართლო საარჩევნო გარემოს.
ამ ფონზე კობახიძე-პაპუაშვილის დაჯგუფება ურცხვად ტყუის, რომ, თითქოს, სამართლიანი და თანასწორი წინასაარჩევნო გარემოა. მოვუწოდებთ, „ოცნებას“ და მის პარტიულ ტელევიზიას „იმედს“, სასწრაფოდ გახსნან ეთერები და დაგვისხდნენ დებატებში, როგორც საარჩევნო დაპირებების განსახილველად, ისე წინასაარჩევნო გარემოს შესაფასებლად. მოვუწოდებთ სასამართლოს - არჩევნებამდე დარჩენილია 2 კვირა. დროულად მიიღეთ სამართლიანი გადაწყვეტილება და მოგვეცით მედიასივრცით სარგებლობის შესაძლებლობა", – აცხადებს მეზვრიშვილი.


