ემიგრანტებისთვის შვიდი დამატებითი საარჩევნო უბანი გაიხსნება
11/10/2024 09:30:29 პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნოდ შვიდი დამატებითი უბანი შეიქმნება.
ეს ქალაქებია: ნიუ-იურკი, ბერლინი, ბარსელონა, რომი, სალონიკი, ათენი, პარიზი.
რაც შეეხება სტრასბურგს, ეს საკითხი კვლავ პრობლემურად რჩება.
გარდა ამისა, სხდომაზე კალანდარიშვილმა ისრაელში, ქალაქ რამათ-განში საარჩევნო უბნის შენარჩუნების ან გაუქმების საკითხი დღის წესრიგში ჩასმის გარეშე დააყენა, სადაც გადაწყდა, რომ უბნის გაუქმების მოცემული "იმ თავითვე არ დგას".
"ერთხმად ვთანხმდებით, რომ [ისრაელში] საარჩევნო უბნის გაუქმების შესახებ საკითხის დღის წესრიგში შეტანის საკითხი იმთავითვე არ დგას. [...] უბრალოდ, ორჯერ გაჟღერდა, რომ თებერვალში არჩევნები ჩატარდა ევროპარლამენტისო, თუმცა, ინფორმირების მიზნით, ახლა არის ოქტომბრის თვე, ბუნებრივია, თებერვლის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, საგარეოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში საუბარია, რომ 1 ოქტომბერს დაბომბვა განხორციელდა [...] იმის თქმა მინდა, რომ ნუ გავიგებთ ამას, ჩვენ ცხადია არ გვაქვს საკმარისი კომპეტენცია, რომ ისრაელში ამა თუ იმ შენობის, თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოების შესახებ ვიმსჯელოთ, რაიმე ფორმით შევაფასოთ ან განვჭვრიტოთ იმ დღისთვის მოსალოდნელი საფრთხეები", - განაცხადა კალანდარიშვილმა.
ცესკო–ს ცნობით, ამ დროისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 95 834-ს.
"საერთო ჯამში, ამომრჩევლებს საზღვარგარეთ, 42 ქვეყანაში 67 საარჩევნო უბანი მოემსახურება. კანონმდებლობის თანახმად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის. სხვა რეგულაციებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით არ ითვალისწინებს", – აცხადებენ ცესკო–ში.


