Accentnews.ge
ივანიშვილი: "სასამართლოზე ხელისუფლების გავლენა იმდენად მცირეა დღეს, რომ საუკეთესო ათეულშია საქართველო ევროპაში"

ივანიშვილი: "სასამართლოზე ხელისუფლების გავლენა იმდენად მცირეა დღეს, რომ საუკეთესო ათეულშია საქართველო ევროპაში"

10/10/2024 17:11:16 პოლიტიკა

"სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელისუფლებო თავდასხმებისგან თავისუფლებით, საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია. აბა გახსოვთ, სასამართლო როგორ იმართებოდა? - ხელისუფლების გავლენა იმდენად მცირეა დღეს, რომ საუკეთესო ათეულშია საქართველო ევროპაში", – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე განაცხადა.

ცნობისთვის: ხელისუფლების ოპონენტები სასამართლო სისტემაში "კლანური მმართველობის" შესახებ საუბრობენ. მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, ევროკომიის რეკომენდაციებში სასამართლოსთან დაკავშირებით ახალი ჩანაწერი გაჩნდა. საქართველოს ხელისუფლებას მოსამართლეების ნაწილის კეთილსინდისიერების შემოწმება დაევალა, რასაც მმართველი გუნდი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

გარდა ამისა, ევროკომისია იუსტიციის საბჭოს რეფორმას მოითხოვს. გაფართოების ანგარიშში წერია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ: უნდა შეზღუდოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძალაუფლება; დააკონკრეტოს მოსამართლეთა მივლინების საფუძვლები და ამ პროცესში საბჭოს დისკრეცია შეზღუდოს; დახვეწოს დისციპლინური სამართალწარმოება.

ევროკომისიის რეკომენდაციების საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ 2023 წლის 27 ნოემბერს ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა დაამტკიცა. ამ გეგმის თანახმად:იხვეწება დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის ზოგიერთი ეტაპი და გასაჩივრების წესები; ზუსტდება მოსამართლეთა დისციპლინირების ერთ-ერთი საფუძველი და დარღვევად „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევის“ ნაცვლად, „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის აშკარა დარღვევა“ ჩაითვლება; დარღვევად არ ჩაითვლება მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების შესახებ მოსამართლის მიერ გამოთქმული მსჯელობა; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ხუთის ნაცვლად, სპეციალობით მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება მოეთხოვება.

თუმცა არასამთავრობოორგანიზაციები აცხადებენ, რომ დაგეგმილი ცვლილებები ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის მთავარ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს. მაგალითად, არ ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძალაუფლების შეზღუდვა და მოსამართლეთა ნაწილის კეთილსინდისიერების გადამოწმების მექანიზმი.

ამასთან, 2023 ელის 5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სანქციები დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის მიმართ. ესენი არიან: თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება არა მხოლოდ ამ მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.

როგორც სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, "აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას. ჩვენ ყველა იმ მოსამართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S