
ტვ „იმედი": ოპოზიციის საარჩევნო ვიდეოებს არ გავუშვებთ, სანამ „მთავარი“, “ტვ პირველი”და „ფორმულა“ არ გაუშებენ „ოცნების" კლიპს
10/10/2024 12:26:23 საზოგადოება
ტელეკომპანია იმედი აცხადებს, რომ ეთერში აღარ განათავსებს „კოლექტიური ნაცმოძრაობის” საარჩევნო ვიდეოებს, სანამ „მთავარი“, “ტვ პირველი”და „ფორმულა“ არ გაუშებენ „ოცნების” კლიპს.
ტელეარხის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მედიასაშუალებები, „მთავარი“, “ტვ პირველი”და „ფორმულა“ აგრძელებენ საარჩევნო კანონმდებლობის უხეშ დარღვევას. ისინი, მოგონილი არგუმენტებით, უარს ამბობენ თავიანთ ეთერებში განათავსონ კანონის მოთხოვნების დაცვით მომზადებული ვიდეორგოლები. ამ ვიდეორგოლების განთავსებას მათ კანონი პირდაპირ ავალდებულებს, რაც ასევე დადასტურებულია კომუნიკაციების კომისიისა და სასამართლოს გადაწყვეტილებებით. მათ საჯარო განცხადებებიც გააკეთეს და იქამდეც კი მივიდნენ, რომ ამტკიცებენ, თითქოს ომის საწინააღმდეგო ვიდეორგოლი ომის პროპაგანდაა.
როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, ბატონმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, „თავისუფალი მედიის გადასაწყვეტია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს...“.
მიუხედავად იმისა, რომ „ტელეიმედს“ აქვს მკაფიოდ გაცხადებული სარედაქციო პოლიტიკა - არ დაუშვას "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება ხელისუფლებაში, რაც ქვეყანას სრულ კატასტროფამდე მიიყვანს, ჩვენ დღემდე ვუშვებდით მათ მიერ მოწოდებულ ვიდეორგოლებს. ჩვენი სუბიექტური დამოკიდებულება მოცემულ შემთხვევაში არ არის გადაწყვეტილების საფუძველი რეკლამების განთავსების თუ მის განთავსებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით - ყველა მაუწყებელი ვალდებულია გამორიცხოს დისკრიმინაციული მიდგომა და თავისი წილი პასუხისმგებლობის ფარგლებში უზრუნველყოს კონკურენტული საარჩევნო გარემო ქვეყანაში, რაც დემოკრატიული არჩევნების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.
სწორედ აქედან გამომდინარე, ვიდრე არ აღმოიფხვრება "ნაციონალური მოძრაობის" მედიასაშუალებების მიერ შექმნილი დისბალანსი (რეიტინგების, მათ მიერ რეკლამის გაუშვებლობით გაცდენილი საათების და სხვა ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით) და უზრუნველყოფილი არ იქნება კონკურენტული საარჩევნო გარემო ამ მიმართულებით, ეთერში აღარ განვათავსებთ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის იმ პარტიების სარეკლამო ვიდეორგოლებს, რომლებიც წარმოადგენენ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ სახეს".
9 ოქტომბერს მარეგულირებელმა კომისიამ "მთავარი არხი", "ფორმულა" და "TV პირველი" "ქართული ოცნების" საარჩევნო რეკლამის განუთავსებლობის გამო სამართალდამრღვევებად სცნო.
"ოცნება" ითხოვს, რომ უკრაინელი ხალხის ტრაგედიაზე აგებული და ღირსების შემლახავი, ჰუმანურობისა და ზნეობისგან დაცლილი ვიდეორგოლის ეთერში გაშვებას, რაზეც სამი კრიტიკული ტელევიზია უარს აცხადებს. მარეგულირებელი კომისია მაქსიმუმ მომდევნო ორი დღის განმავლობაში მოამზადებს დასკვნას, თუ რის საფუძველზე სცნო სამართალდარღვევებად სამი კრიტიკული მედია. რის შემდეგაც დოკუმენტი სასამართლოში გადაიგზავნება, რომელიც უკვე ჯარიმის ოდენობაზე იმსჯელებს. სავარაუდოდ, მაუწყებლებს 5 000 –ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ", – იტყობინება "მთავარი არხი".
ცნობისთვის: თბილისში გამოჩნდა პარტია "ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერები წარწერით: "არა ომს, აირჩიე მშვიდობა". ზოგ ბანერზე მარცხენა მხარეს გამოსახულია უკრაინის დონეცკის ოლქის სოფელ ბოგოროდიჩნეში დაბომბვის შედეგად განადგურებული ტაძარი, მარჯვნივ კი თბილისის სამების ტაძარი. ბანერების მარცხენა მხარეს შავ-თეთრი ფოტოებია, მარჯვენა მხარეს კი - ფერადი.
კიდევ ერთი პლაკატზე მარცხნივ გამოსახულია განადგურებული მარიუპოლის თეატრი, მარჯვნივ - სენაკის თეატრი, რომელიც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული "ქართუ ფონდის" მიერაა რეაბილიტირებული.
ბანერების მარცხენა მხარეს, სადაც ომის დროს დანგრეული უკრაინული შენობებია გამოსახული, გადახაზულია შემდეგი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ნომრები:
4 - „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“
5 - „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“
9 - „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“
25 - „გახარია საქართველოსთვის“.
"ასეთი შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს, “ღირსებით” ჯოჯოხეთისკენ!", – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ ბანერებს.
"იყო და არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი, - ასე შეაფასა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ "ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერები.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს "პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შედეგების სურათების გამოყენებას".
ოფიციალური კიევი “ქართულ ოცნებას” და ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს, თავი შეიკავონ უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიული ომის თემის საქართველოს შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებისგან".