წითლიძეს "სამართლებრივი პასუხით" მებონიას ნაცვლად "ენგურჰესი" ემუქრება
10/10/2024 10:31:07 პოლიტიკა
„ერთიანობის“ წევრის ანა წითლიძის მიერ დღს, 10 ოქტომბერს გავრცელებულ ცნობებს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ლევან მებონიასთან დაკავშირებით, არა მებონია, არამედ „ენგურჰესი“ პასუხობს განცხადებით და მას „ენგურჰესის“ „დისკრედიტაციის კამპანიის გაგრძელებად“ აფასებს.
გარდა ამისა, როგორც განცხადებაშია მითითებული, გეგმავენ, მიმართონ „შესაბამის ორგანოებს“ „სამართლებრივი პასუხისთვის“.
„კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ გავრცელებული განცხადება „ენგურჰესის“ თანამშრომლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის შესახებ არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია! ის უტიფრად იტყუება, როდესაც მსგავს „ფაქტზე“ საუბრობს, რადგან ასეთი რამ არასდროს მომხდარა და შესაბამისად, ვერანაირი „მტკიცებულება“ ფიზიკურად ვერ იარსებებს.
რაც შეეხება მეორე, კიდევ უფრო მძიმე და ცილისმწამებლურ ბრალდებას - ენგურის ხიდის დაკეტვასთან დაკავშირებით რუს ოკუპანტებთან მოლაპარაკების შესახებ, ეს „ინფორმაციაც“ ასევე სრულიად აბსურდული და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. გვინდა, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ანა წითლიძე ატარებს მიზანმიმართულ კამპანიას, რომელიც არამარტო ლევან მებონიას, არამედ შპს „ენგურჰესისა “და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. ასეთივე ცილისმწამებლური განცხადებებით ის წინა წლებშიც გამოირჩეოდა.
აქედან გამომდინარე, ვიტოვებთ უფლებას, შემდგომი რეაგირებისთვის მივმართოთ შესაბამის ორგანოებს, რათა მსგავსი განცხადებები სათანადოდ იქნას გამოძიებული და სამართლებრივი პასუხი გაეცეს",- წერია განცხადებაში.
ანა წითლიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ენგურჰესის" დირექტორი ლევან მებონია ორ დანაშაულებრივ ქმედებაშია შემჩნეული.
კერძოდ, მისი თქმით, საუბარია თანამშრომლებისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამორთმევაზე და ოკუპონტებთან ენგურის ხიდის ჩაკეტვის თაობაზე მოლაპარაკებებზე.
„ენგურჰესის დირექტორი შემჩნეულია ორ დანაშაულებრივ ქმედებაში: მას დავალება აქვს, ენგურჰესის თანამშრომლებს - უმეტესობას, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილები - ჩამოართვას პირადობის მოწმობები, რომ ამ ადამიანებმა ვერ შეძლონ არჩევნების დღეს არჩევნებზე მისვლა და ხმის მიცემა
მეორე - ეს ადამიანი არის მთავარი მომლაპარაკებელი რუს ოკუპანტებთან, რომ 24, 25, 26 ოქტომბერს დაიკეტოს ენგურის ხიდი, ანუ რუსმა ოკუპანტებმა დაკეტონ ენგურის ხიდი, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონდეთ შესაძლებლობა, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა“,- თქვა წითლიძემ.
ის ამტკიცებს, რომ ორივე ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები არსებობს და უკვე გადასცა საერთაშორისო ორგანიზაციებს და სადამკვირვებლო მისიებს.


