
საქსტატი: 2023 წელს მედიანური ხელფასი ₾1 238-მდე, საშუალო კი ₾1 766-მდე გაიზარდა
10/10/2024 08:55:46 ეკონომიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) ცნობით, 2023 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი გასულ წელთან შედარებით, 19.0 პროცენტით გაიზარდა და 1 238 ლარი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2023 წელს მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასზე 29.9 პროცენტით ნაკლებია.
„საქმიანობების სახეების მიხედვით, 2023 წელს, შედარებით მაღალი მედიანური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 960 ლარი;
სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა;
სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 1 878 ლარი;
მშენებლობა - 1 810 ლარი;
სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 1 705 ლარი;
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 1 696 ლარი",-აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მისი ცნობით, 2023 წლის მონაცემებით, მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასს ყველა სექტორში ჩამორჩება.
„მომხმარებელთა მხრიდან ხელფასების სტატისტიკურ მონაცემებზე მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) დაიწყო შრომის სტატისტიკის დამატებითი მაჩვენებლის, დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასის წარმოება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემების საფუძველზე. მისი გამოქვეყნება დაგეგმილია წლიური პერიოდულობით.
საშუალო თვიური ხელფასის გასაანგარიშებლად საქსტატი ახორციელებს საწარმოებისა და ორგანიზაციების გამოკვლევას, რომლის ფარგლებშიც ყოველკვარტალურად დაახლოებით 15 000 სუბიექტი, ხოლო წლიური პერიოდულობით დაახლოებით 18 000 სუბიექტი გამოიკითხება. გამოკვლევა ითვალისწინებს საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან აგრეგირებული მონაცემების შეგროვებას სახელფასო ფონდის და დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ. აღნიშნული მხოლოდ საშუალო თვიური ხელფასის გაანგარიშების საშუალებას იძლევა და არ არის საკმარისი მედიანური ხელფასის დასადგენად.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ არსებული გამოკვლევის ფარგლებში მედიანური ხელფასის გასაანგარიშებლად, საწარმოებისგან/ორგანიზაციებისგან საჭირო იქნებოდა ინდივიდუალური მონაცემების მოპოვება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდიდა რესპონდენტების ტვირთს. ამიტომ, აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მედიანური ხელფასის გაანგარიშება მთლიანად ეფუძნება ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებს“, - აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საშუალო თვიური ხელფასი 1 766.8 ლარი იყო, რაც წლიურად 14.5%-ით, 223.8 ლარით არის გაზრდილი.
"2023 წელს წინა წელთან შედარებით, ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში დაფიქსირდა.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი იყო შემდეგ დარგებში:
ინფორმაცია და კომუნიკაცია - 3 858.5 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 27.2 პროცენტით);
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 3 215.2 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 17.8 პროცენტით);
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2 506.5 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 9.7 პროცენტით)“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქსტატის ცნობით, 2023 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 425.4 ლარით, ხოლო კაცების - 2 099.8 ლარით განისაზღვრა.
„ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 177.7 ლარი (14.2 %) შეადგინა, ხოლო კაცებში - 272.9 ლარი (14.9%). საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების საშუალო თვიური ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს.
2023 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 420.3 ლარით (22.0 %) ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით.
2022 წელთან შედარებით, სახელმწიფო სექტორში ხელფასი 15.7 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 13.9 პროცენტით გაიზარდა და შესაბამისად 1 487.5 და 1 907.9 ლარი შეადგინა.
2023 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში 221.4 ლარით (13.8%) გაიზარდა და 1 827.3 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (3 958.3 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 27.1 პროცენტით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 813.9 ლარი, წინა წელთან შედარებით გაზრდილია 8.2 პროცენტით) დარგში ფიქსირდება.
2023 წელს არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 226.0 ლარით (15.9%) და 1 649.6 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში დასაქმებულებს“,-აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.