წითლიძე: მებონიას დავალება აქვს, ენგურჰესის თანამშრომლებს ჩამოართვას პირადობები და არის მთავარი მომლაპარაკებელი ოკუპანტებთან!
10/10/2024 07:16:21 პოლიტიკა
„ერთიანობის“ წევრი ანა წითლიძე ამბობს, რომ ენგურჰესის დირექტორი ლევან მებონია ორ დანაშაულებრივ ქმედებაშია შემჩნეული.
კერძოდ, მისი თქმით, საუბარია თანამშრომლებისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამორთმევაზე და ოკუპონტებთან ენგურის ხიდის ჩაკეტვის თაობაზე მოლაპარაკებებზე.
„ენგურჰესის დირექტორი შემჩნეულია ორ დანაშაულებრივ ქმედებაში: მას დავალება აქვს, ენგურჰესის თანამშრომლებს - უმეტესობას, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილები - ჩამოართვას პირადობის მოწმობები, რომ ამ ადამიანებმა ვერ შეძლონ არჩევნების დღეს არჩევნებზე მისვლა და ხმის მიცემა
მეორე - ეს ადამიანი არის მთავარი მომლაპარაკებელი რუს ოკუპანტებთან, რომ 24, 25, 26 ოქტომბერს დაიკეტოს ენგურის ხიდი, ანუ რუსმა ოკუპანტებმა დაკეტონ ენგურის ხიდი, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონდეთ შესაძლებლობა, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა“,- თქვა წითლიძემ.
ის ამტკიცებს, რომ ორივე ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები არსებობს და უკვე გადასცა საერთაშორისო ორგანიზაციებს და სადამკვირვებლო მისიებს.
თავად მებონიას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.


