ბესელია - საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე: კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებაზე უარის თქმა!
09/10/2024 11:20:52 პოლიტიკა
კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებაზე უარის თქმა!,- ასე აფასებს იურისტი, ოპოზიციონერი ეკა ბესელია (წარმოადგენდა პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში) საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც არ შეაჩერა „აგენტების კანონის“ მოქმედება სარჩელზე არსებითი განხილვის დასრულებამდე.
„ეს იყო საკონსტიტუციო სასამართლოსთვის შანსი, თავად დაეცვა [კონსტიტუციის] 78-ე მუხლი [ავალდებულებს სახელმწიფო სტრუქტურებს, ყველაფერი გააკეთონ ქვეყნის ევროპული ინტენგრაციის ხელშესაწყობად], ეჩვენებინა, რომ სასამართლოს გააზრებული აქვს პასუხისმგებლობა, რომელსაც მას კონსრიტუცია აკისრებს. კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებაზე უარის თქმა - ამას ნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
მეგონა, რომ კიდევ რამდენიმე მოსამართლე გაბედავდა და იტყოდა, რომ „ეს კანონი უთუოდ უნდა შევაჩეროთ საბოლოო განხილვამდეო“,- თქვა ბესელიამ.
მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტთან ჰქონდა კომუნიკაცია:
„მას არ გაკვირვებია. პრეზიდენტმა სარჩელით იმიტომ კი არ მიმართა სასამართლოს, რომ ჰქონდა მოლოდინი, გაუძლებდა პოლიტიკურ ზეწოლას საკონსტიტუციო სასამართლო. არა, პრეზიდენტმა დაიცვა 78-ე მული და იმ მოქალაქეების უფლებები, რომელთაც უნდოდათ, რომ საკონსტუტუციოსთვის მიემართა პრეზიდენტს“,- დასძინა ბესელიამ.
საკონსტიტუციო სასამართლომ ე.წ. აგენტების კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელები ნაწილობრივ განსახილველად მიიღო. კერძოდ, სასამართლომ გადაწყვიტამ დაადგინოს, კანონის სხვადასხვა ნაწილი რამდენად ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დაცულ შემდეგ უფლებებსა და ვალდებულებებს:
- ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციას (კონსტიტუციის 78-ე მუხლი);
- პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობას (მე-15 მუხლი);
- აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლებას და ასევე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებას (მე-17 მუხლი);
- გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს (მე-17 მუხლი);
- გაერთიანების თავისუფლებას (22-ე მუხლი);
- კონსტიტუციურია თუ არა კანონის გასულ წელზე გავრცელება (მონაცემების შევსება). (31-ე მუხლი).
სასამართლო ამბობს, რომ საქმეს განიხილავს კანონით დადგენილ 9-თვიან ვადაში.
ორმა მოსამართლემ განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა მექანიზმთან დაკავშირებით. ესენი არიან თეიმურაზ ტუღუში და გიორგი კვერენჩხილაძე. ისინი ემხრობოდნენ დროებითი შეჩერების მექანიზმის გამოყენებას.


