ღარიბაშვილი – ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: "ეს არის თავხედური ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში"
09/10/2024 11:03:38 პოლიტიკა
"ჩვენი რადიკალური, გაკოტრებული ოპოზიციის მფარველი ლობისტები, მათი დახმარებით ამზადებენ ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ რეზოლუციას, რომელიც არის მორიგი დემონსტრირება ქვეყნის შიდა საქმეეებში თავხედური ჩარევისა", – ამის შესახებ, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტმა ორი წლის წინაც მიიღო "სამარცხვინო რეზოლუცია".
„სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს არ არის პირველი რეზოლუცია და ალბათ არ იქნება ბოლო, ჩვენ ბევრი ასეთი უსამართლო რეზოლუციის პროექტი თუ თავად რეზოლუცია გვინახავს. გახსოვთ, ორი წლის წინ, როცა ჩვენს ქვეყანას არ მისცეს კანდიდატის სტატუსი, სწორედ ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი-ორი კვირით ადრე მიიღეს ანალოგიური შინაარსიის უსამართლო, მე ვიტყოდი, სამარცხვინო რეზოლუცია, სადაც იყო დაახლოებით ანალოგიური შინაარსის მესიჯები, რომ დაასანქცირეთ ბატონი ივანიშვილი, გამოუშვით სააკაშვილი, კეზერაშვილი მოხსენიებული იყო, როგორც მედიის მენეჯერად და არ მისცეთ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. ეს რეზოლუცია იყო ორი წლის წინ, ხალხს რომ გავახსენო. ახლა, სწორედ ორი კვირით ადრე, ვხედავთ, რომ ჩვენი რადიკალური, გაკოტრებული ოპოზიციის მფარველი ლობისტები, მათი დახმარებით ამზადებენ ანალოგიური შინაარსის, ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ რეზოლუციას, რომელიც, რა თქმა უნდა, არის მორიგი დემონსტრირება ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეეებში თავხედური ჩარევისა. ამას დავარქმევდი თავხედურ ჩარევას ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის: ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი რეზოლუცია მიიღო.
დოკუმენტს სახელწოდებით "საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეების შესახებ" მხარი 720 პარლამენტარიდან 495–მა დაუჭირა, 73-მა ხმა წინააღმდეგ მისცა, ხოლო 86-მა თავი შეიკავა.
რეზოლუციის თანხმად, ევროპარლამენტარები ევროკავშირს, მათ შორის საქართველოს მთავრობისთვის დახმარების გაყინვისკენ, მმართველი პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ და ექს–პრეზიდნტ მიხეილ სააკაშვილის გთავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, "ევროპარლამენტი მოელის, რომ "ქართული ოცნება" მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე პატივს სცემს ქართველი ხალხის ნებას და თავისუფალ არჩევანს და უზრუნველყოფს ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემას".


