
ჯანდაცვის მინისტრი: "დავიწყეთ ძირეული რეფორმის განხორციელება, რომელიც ყოველი ბავშვისა და მშობლის ინტრესების დაცვაზე იქნება ორიენტირებული"
05/02/2020 11:22:56 საზოგადოება, რეკლამა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ბავშვისა და მშობლის ინტერესების დაცვასთან დაკავშირებით ისაუბრა. ამ მიზნით, ახალი რეფორმა დღის ცენტრების, საოჯახო ტიპის სახლების და მსგავსი სააღმზრდელო - საგანმანათლებლო ინსტიტუციების გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ბავშვთა დაწესებულებებში დღეს არსებული გარემოს, სერვისების, პერსონალის კვალიფიკაციის საფუძვლიანი შესწავლა იწყება. გამოვლენილი იქნება ყველა დარღვევა თუ გადაცდომა ბავშვზე ზრუნვისა და მომსახურების პროცესში, რასაც აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. უფრო მოცულობითი და საჭიროებებზე ორიენტირებული გახდება ბავშვებისთვის განკუთვნილი სერვისები, დამკვიდრდება ამ სერვისების დროული და სამართლიანი განაწილების პრინციპი.
„ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის ოჯახთან მაქსიმალურად დაახლოებული გარემოს შექმნისთვის. გრძელდება დიდი ზომის ბავშვთა სახლების გარდაქმნის პროცესი, რომლის ფარგლებში შეიქმნება ალტერნატიული ზრუნვის სერვისი მარტყოფისა და დუშეთის პანსიონატებში და ამავდროულად დაიწყება 6 ახალი სახლის მშენებლობა/რეაბილიტაცია. ასევე, დაგეგმილია თბილისის შშმ ბავშვთა სახლის სრული გარდაქმნა და მცირე საოჯახო ტიპის 3 სახლის აშენება, რაც აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მოხდება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.