
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლე: "გუშინ მასთან არ მალაპარაკეს, ამ შიმშილობამ შეიძლება, იგი მოკლას, აზერბაიჯანიდან მეც მემუქრებიან"
08/10/2024 06:59:49 საზოგადოება
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის მეუღლის სევინჩ სადიგოვას განცხადებით, მისი მეუღლის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ ციხის თანამშრომელმა ტელეფონით შეატყობინა და უთხრა, რომ მასთან საუბარი იმ დროისთვის შეუძლებელი იყო.
"გუშინ, 7 ოქტომბერს, საღამოს 22:00 საათზე დამირეკა ერთმა კაცმა, რომელმაც მითხრა, რომ აფგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მე ვკითხე, ვის ველაპარაკები-მეთქი და მიპასუხა, რომ იმ ციხის თანამშრომელია, რომელშიც აფგანი იმყოფებოდა. მე ვუთხარი, რომ აფგანის ხმის მოსმენა მინდოდა, ძალიან ავნერვიულდი, მან კი მიპასუხა, ახლა შეუძლებელია, მაგრამ როგორც კი შესაძლებელი იქნება, თავად დაგირეკავთო.
4 ოქტომბერს, როდესაც ჩემი ქმარი ბოლოს ვნახე, ციხის თანამშრომლების დახმარებით მოვიდა იმიტომ, რომ თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. ის უკვე 18 დღეა, შიმშილობს და ალბათ, ამის გამო გახდა ცუდად. აზერბაიჯანში ერთხელ 242 დღე შიმშილობდა, რის გამოც ჯანმრთელობა გაუუარესდა და ახლა მისთვის შიმშილობა საშიშია.
მე ახლა ძალიან ვნერვიულობ იმიტომ, რომ გუშინ მასთან არ მალაპარაკეს და მგონია, რომ ძალიან ცუდად არის. ამ შიმშილობამ შეიძლება, იგი მოკლას. ილჰამ ალიევმა შეკვეთა მისცა საქართველოს მთავრობას და საქართველოს მთავრობა ახლა ამ შეკვეთას ასრულებს. აზერბაიჯანიდან მეც მემუქრებიან, რომ ჩემ შვილებს პრობლემები ექნებათ, თუ ბევრს ვილაპარაკებ, ამიტომ, ძალიან მეშინია", - ამბობს, "მთავარი არხის" ცნობით, სადიგოვა.
ცნობისთვის: აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს აზერბაიჯანის მოთხოვნით. 4 აგვისტოს მას პატიმრობა შეეფარდა.
აფგან სადიგოვი საქართველოში 2023 წლის დეკემბრიდან ცხოვრობდა. Amnesty International-ის ინფორმაციით, სადიგოვს აზერბაიჯანში 2020 წლის მაისში 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა გამოძალვის პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით. იგი 2023 წლის მაისში შეიწყალეს, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან მუქარისა და დევნის გამო სამშობლო დატოვა, – აცხადებს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია.
თავად სადიგოვის ცნობით, მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს ხელისუფლებამ მას თურქეთში გამგზავრების საშუალება არ მისცა და აცნობა, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში შეეძლო გამგზავრება.