
აფგან სადიგოვი ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს
07/10/2024 19:14:01 პოლიტიკა, სამართალი
სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტ თამთა მიქელაძის ინფორმაციით, თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და იგი ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
"როგორც მოსალოდნელი იყო, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. მეუღლეს ახლა შეატყობინეს, რომ ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს დაუძლურებული პატიმარი. არაადამიანურია, რაც ამ პატიოსანი ჟურნალისტის და მისი ოჯახის თავს ხდება. ორივე მთავრობას დანაშაულებრივად აქვს პირი შეკრული ჟურნალისტების ოჯახის წინააღმდეგ და ყველაფერს კადრულობს. მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ ერთსულოვანი სოლიდარობა ვაჩვენოთ სადიგოვების ოჯახის მიმართ. ამ საქმეზე უფრო დეტალურ ინფორმაციას უახლოეს დღეებში მივაწვდით საზოგადოებას და მედიას" - წერს თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს აზერბაიჯანის მოთხოვნით. 4 აგვისტოს მას პატიმრობა შეეფარდა.
აფგან სადიგოვი საქართველოში 2023 წლის დეკემბრიდან ცხოვრობდა. Amnesty International-ის ინფორმაციით, სადიგოვს აზერბაიჯანში 2020 წლის მაისში 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა გამოძალვის პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით. იგი 2023 წლის მაისში შეიწყალეს, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან მუქარისა და დევნის გამო სამშობლო დატოვა, – აცხადებს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია.
თავად სადიგოვის ცნობით, მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს ხელისუფლებამ მას თურქეთში გამგზავრების საშუალება არ მისცა და აცნობა, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში შეეძლო გამგზავრება.