„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ: "არის სრული ურთიერთგაგება, თუ ვის რა პასუხისმგებლობა გვაქვს ამ კრიტიკულ კვირებში"
07/10/2024 11:46:55 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებული დროებითი მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ–მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები დაიწყო.
დღეს იგი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებს – ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძეს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ხოშტარიამ განაცხადა, "ეს იყო ძალიან დროული, საჭირო შეხვედრა და კმაყოფილ ვარ იმითი, რომ არის სრული ურთიერთგაგება თუ ვის რა პასუხისმგებლობა გვაქვს ამ კრიტიკულ კვირებში".
"ჩვენ ვსაუბრობთ, როგორ განხორციელდეს ცვლილება, რომელიც გარდაუვალია და როგორ განხორციელდეს ისე, რომ მოქალაქეები იყვნენ მშვიდად. [...] ვილაპარაკეთ ასევე კონკრეტულ ინიციატივაზე საარჩევნო ჯგუფის შექმნის, რომ იყოს სრული კოორდინაცია არჩევნების დღეს და ასევე იმაზე, როგორ უნდა მოხდეს გარდამავალ პერიოდის ცვლილები...", – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ნიკა გვარამიას თქმით, პრეზიდენტის ინიციატივა დროული და სწორია და იძლევა შესაძლებლობას, რომ ქვეყანა ანტიევროპული კრიზისიდან გამოვიდეს.
"ჩემი აზრით, პროცესი მიდის ძალიან სწორად, პრეზიდენტის ინიციატივა არის დროული, სწორი და რაციონალური. სახელების, გვარების და კულუარული განხილვების პროცესი ეს არ არის. ესაა პროცესი, თუ როგორ შევჩერდეთ სწორ ფორმულაზე, რომ საზოგადოებაში იყოს სტაბილურობის განცდა და იმის განცდა, რომ პროდასავლური ოპოზიცია ვთანხმდებით ანტიევროპული კრიზისიდან გამოყვანაზე. ამომრჩეველს სჭირდება სტაბილურობის განცდა და ჩვენი ერთიანობის დანახვა. ყველას აქვს თავისი პარტიული არჩევანი, მაგრამ ყველა უნდა ვამბობდეთ, რომ ჩვენ მზად ვართ, ურთიერთდაპირისპირების გარეშე ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან. ჩვენ ამისი ვალდებულება გვაქვს ჩვენი ამომრჩევლის, ისტორიის და მომავალი თაობის წინაშე. პრეზიდენტის როლი შეუფასებელია ამ თვალსაზრისით და მადლობა მას რომ ასეთი რამ აიღო საკუთარ თავზე.
კონკრეტული სახელები და გვარები არ დასახელებულა, თუმცა ეს არ გამორიცხავს რომ სამომავლოდ იყოს და ჩვენი შეთანხმებაც იყოს, მთავარია, რომ ეს არის გარდამავალი, ტექნიკური, მცირე დროით არჩეული ადმინისტრაცია, რომელიც ქვეყანაში ოპოზიციასაც მისცემს დროს, რომ მოხდეს შეთანხმებული სინქრონული მოქმედება კრიზისის დასაძლევად და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება არის უმნიშვნელოვანესი რამ და ნებისმიერი რამ, რაც ამის შესაძლებლობას მოგვცემს არის კარგი და ერთადერთი ადამიანი, ვინც ამაზე შეიძლება, პასუხისმგებლობა აიღოს იმგვარად, რომ ყველანი მეტ-ნაკლებად ვიყოთ პროცესებში ჩართული, არის პრეზიდენტი.
ჩვენ არავინ შეგვითავაზებია, ვართ ქარტიის ერთგულები, სადაც წერია, რომ გარდამავალ, ტექნიკურ მთავრობას ვეთანხმებით. ჩვენ ამას ხელი მოვაწერეთ და არავითარ შემთხვევაში სიტყვას არ გადავალთ. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ამ პროცესით და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ პრეზიდენტს. ქართული ოცნება მარცხდება და საქართველოს პრეზიდენტი იქნება გარანტი, რომ საქართველოს მოსახლეობის არჩევანი იქნეს რეალურად ასახული და ფორმალიზებული საარჩევნო შედეგებში", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ნიკა მელიას თქმით, "ყველა ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც ისტორიულ მიზანს დაგვაახლოებს".
"მნიშვნელოვანია ჩვენთვის, "კოალიცია ცვლილებისთვის" და სხვებისთვისაც, რომ არჩევნების შემდეგ ძალიან მალევე და ვგულისხმობ დღეებს, მოხდეს სტაბილურად ქვეყნის განვითარება. [...] "ოცნება" ვერ წაიყვანს ქვეყანას საბჭოთა კავშირისკენ, გადავდგამთ ძალიან დიდ, გიგანტურ ნაბიჯს ცივილიზაციისკენ, აუცილებლობაცაა და ვალდებულებაც, ვიფიქროთ მომდევნო დღეებზე, რომ არჩევნების შემდეგ სწრაფად დაიწყოს ქვეყნის განვითარება და იმ ქარტიის შესრულება, რომელშიც სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი პუნქტებია გაწერილი. ამასთან დაკავშირებით იყო ძალიან კონკრეტული საუბარი და მე ვფიქრობ, ამ საუბრების შედეგს საზოგადოება უახლოეს პერიოდში გაიგებს და მიესალმება. არც ერთი გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ ემსახურება ვიწროპარტიულ ინტერესებს და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ინტერესს. ამ საკითხებთან დაკავშირებით იყო დეტალური საუბარი", – ნიკა მელია.
თავის მხრივ, ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ ყველაფრის ამოსავალი არის "ქართული ქარტია".
"ძალიან კარგი შეხვედრა იყო, ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის – იმაზე, თუ როგორ ჩავატარებთ წინასაარჩევნო კამპანიას, როგორ მივდივართ საბოლოო ჯამში გამარჯვებამდე და შემდეგ როგორი უნდა იყოს ტრანზიციის პერიოდი, რომ მშვიდად და წყნარად ჩაიაროს. ხედვები, რაც პრეზიდენტმა გააჟღერა, პრაქტიკულად ყველაფერში თანხმობა გვაქვს. ჩვენ გვქონდა იდეები, რომელზეც მომავალში ვისაუბრეთ, შევთავაზეთ და მათი ნაწილი მოეწონა და შეიძლება განხორციელდეს. ყველაფრის ამოსავალი ჩვენთვისაც და პრეზიდენტისთვისაც არის "ქართული ქარტია", სადაც არის გაწერილი კონკრეტული ნაბიჯები. ჩვენ ვართ ამ ქარტიის ერთგული, როგორც რეფორმების, ასევე მთავრობის დაკომპლექტების ნაწილშიც, არსად რამე კითხვები არ გვაქვს", - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე დღეს "გახარია- საქართველოსთვის" წარმომადგენლებიც მივლენ, ხვალ კი – "ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობისა" და "ძლიერი საქართველოს" წევრები.
საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ მას უკვე შერჩეული ჰყავს პრემიერობის კანდიდატი.
„ქარტიაში წერია, რომ პრემიერი უნდა შეირჩეს ჩემთან კონსულტაციით. მე უკვე მყავს კანდიდატი. ახლა არ გეტყვით, რადგან ჯერ პარტიებთან უნდა შედგეს კონსულტაციები და შევჯერდეთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა „ნოდარ მელაძის შაბათის” ეთერში.
ხოლო დამაზუსტებელ კითხვას, არის თუ არა მის მიერ შერჩეული კანდიდატი პოლიტიკური წარსულის მქონე პირი, უარყოფითად უპასუხა და იქვე ისიც დასძინა, რომ "ის არის „პროფესიონალი, სანდოობით აღჭურვილი და ალბათ, ყველასთვის მისაღები”.
„მე ვარ დარწმუნებული ერთ რამეში - რომ დღეს უნდა გამოვაცხადოთ მთავრობა, რათა ამომრჩეველმა იცოდეს წინასწარ, ვინ იქნებიან მასში და ისინი იყვნენ მაღალი დონის პროფესიონალები, სანდოობით აღჭურვილი პირები და არა პოლიტიკოსები, იმიტომ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ, თუ მთავრობა სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისგან შედგება. ხომ ვხედავთ თუნდაც ამ კონსოლიდირებულ 4 პარტიას - რამდენი შიდა წყენა, სხვადასხვა მოსაზრება, მსოფლმხედველობა არსებობს... ამ ეტაპზე, როცა ერთი მიზანი გვაქვს, ის ყველაფერი გავაკეთოთ, რაც მომავალი წლის ივნისამდე მიგვიყვანს ევროპაში - იმ ადგილზე, სადაც გვინდა, ვიყოთ”, – განმარტა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა იქვე დასძინა, რომ 7 ოქტომბრიდან ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს დაიწყებდა.


