ჰერჩინსკი: არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციას და სამართლიანი არჩევნებისთვის ატმოსფეროს შექმნას
07/10/2024 09:43:39 პოლიტიკა
"არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა გასულ წელს ან ამ წელს ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციას", – ამის შესახებ, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, ევროკავშირში სჯერათ დემოკრატიის.
„საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ე.წ. კოჰაბიტაცია აქვს – ვითარება, როდესაც მთავრობასა და პრეზიდენტს აქვთ განსხვავებული შეხედულებები და მოსაზრებები. მე ვარ ქვეყნიდან, სადაც ჩვენ ზუსტად ასეთი ვითარება გვაქვს. არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა გასულ წელს ან ამ წელს ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციას და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნებისთვის ხელსაყრელი ატმოსფეროს შექმნას, თუმცა ამ დროისთვის, ეს არის ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
"ქართული ოცნება" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას კვლავ იწყებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინზგე განაცხადა.
გადაწყვეტილების მიღების მიზეზად "უცხოეთში უნებართვო ვიზიტები" სახელდება.
პაპუაშვილის თქმით, ახალი კონსტიტუციური წარდგინება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარალამენტო არჩევნებამდე წარედგინება.
ცნობისთვის: საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის სახელით პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პირველი საკონსტიტუციო წარდგინება სასამართლოში 2023 წლის 14 სექტემბერს შევიდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საკითხის განსახილველად და დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა ჰქონდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის პარლამენტში კენჭისყრაზე გასატანად აუცილებელი იყო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადგენა (9 მოსამართლიდან 6-ის თანხმობა).
2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის სამ ქვეყანაში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობით სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია ჰქონდათ მერაბ ტურავას, ევა გოცირიძეს, გიორგი თევდორაშვილს, ხვიჩა კიკილაშვილს, მანანა კობახიძესა და ვასილ როინიშვილს; განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადგენის შემდეგ 2023 წლის 18 ოქტომბერს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრისას პარლამენტში ვერ მოგროვდა საკმარისი ასი დეპუტატი, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას. იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა 86-მა დეპუტატმა.
საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის თანახმად, თუ პარლამენტმა თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღო, იმავე საფუძვლით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაუშვებელია.
პირველი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საფუძველი იყო მთავრობის თანხმობის გარეშე პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეხვედრები 2023 წელს (აგვისტო-სექტემბერში) საზღვარგარეთ საფრანგეთის, გერმანიისა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტებთან შეხვედრები.


