მდინარაძე: გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება
07/10/2024 07:23:21 პოლიტიკა
საქართველო არ აპირებს აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარებას და მათთან კონფედერაციის შექმნას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
პოლიტიკოსი "აგენტებს" "ანტიეროვნული ჭორების" გავრცელებაში ადანაშაულებს.
"ყველამ კარგად დაიმახსოვროს ქართველი ხალხის და ჩვენი პოზიცია:საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს! ერთიანი საქართველოს იდეა, ეს არის ჩვენი ქართული ოცნება, რომელიც აუცილებლად ახდება! არანაირი აღიარება და მსგავსი ანტიეროვნული საკითხები არ განიხილება! მათ შორის გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება, რაც ასევე ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას!",- დაწერა მან სოციალურ ქსელში და დასძინა, რომ საქართველო დეოკუპაციას განახორციელებს მხოლოდ „მშვიდობით, განვითარებით, შერიგების და ურთიერთმიტევების გზით“.
კოლეგების მსგავსად, არც მას დაუკონკრეტებია, როგორ გეგმავს მმართველი ძალა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
საკითხი საარჩევნო პერიოდში გაააქტიურა "ქართულმა ოცნებამ". პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ „ნებისმიერ მომენტში შეიძლება დადგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, რაც საჭირო გახდის საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას“. მისი თქმით, „აუცილებელია ქვეყნის მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული სტრუქტურის გადახედვა". ბევრი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ საუბარია სწორედაც კონფედერალურ მოდელზე, რომლის დროსაც საქართველოს მოუწევს აფხაზეთისა და ცხინვალის "დამოუკიდებლობის" აღიარება.
29 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამოაცხადა მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს მის "მეზობლებთან" - აფხაზეთთან და ცხინვალთან შერიგებაში. მოგვიანებით, აფხაზეთისა და ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ „2008 წლის გადაწყვეტილებები გადასინჯვას არ ექვემდებარება“.
თბილისის მერი, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე მიესალმა ლავროვის სიტყვებს და თქვა, რომ მოსკოვს სჭირდება „ეფექტურ ნაბიჯებზე გადასვლა“ - დაიწყოს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან რუსი სამხედროების გაყვანის გეგმის შემუშავება.
რუსეთი არ გაიყვანს ჯარებს აფხაზეთისა და ცხინვალიდან და არ განიხილავს მათ საქართველოში დაბრუნების ვარიანტს, - განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს, ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე ზატულინმა კალაძის საპასუხოდ.


