Accentnews.ge
აიათოლა ალი ხამენეი: "ირანი უკან არ დაიხევს“

აიათოლა ალი ხამენეი: "ირანი უკან არ დაიხევს“

04/10/2024 12:08:49 მსოფლიო

ირანის უზენაესი მმართველი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ ირანის მიერ ისრაელზე 1 ოქტომბერს განხორციელებული სარაკეტო იერიში „კანონიერი და ლეგალური“ იყო და თუ „საჭირო გახდება, თეირანი ამას გაიმეორებს".

"ირანი და მისი მოკავშირეები რეგიონში ისრაელის წინაშე უკან არ დაიხევენ", – აღნიშნა ხამენეიმ.

ცნობისთვის: ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა 2023 წლის ოქტომბრიდან, როცა ისრაელმა პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა "ჰამასს" ისრაელის ტერიტორიაზე თავდასხმის, ათასზე მეტი ადამიანის დახოცვისა და მძევლად აყვანის გამო ომი გამოუცხადა და ღაზას სექტორში დიდი მსხვერპლის და ჰუმანიტარული კატასტროფის გამომწვევი სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

"ჰამასის" მხარდამჭერია "ჰეზბოლა", რომელიც წარმოადგენს როგორც გასამხედროებულ ჯგუფს, ისე პოლიტიკურ პარტიას და ლიბანის სამხრეთში აკონტროლებს შიიტებით დასახლებული რაიონების დიდ ნაწილს.

"ჰამასს" და "ჰეზბოლას" მხარს უჭერს ირანი.

1 ოქტომბერს ირანმა ისრაელზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ირანის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ისრაელზე სარაკეტო შეტევის სამიზნე იყო მხოლოდ სამხედრო ობიექტები და ამ ოპერაციით თეირანმა აჩვენა, რომ დაიცავს თავის ხალხს და ინტერესებს. "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" ცნობით, ისრაელზე დარტყმა იყო პასუხი თეირანში "ჰამასის" ლიდერის ისმაილ ჰანიეს და ბეირუთში "ჰეზბოლას" ლიდერის ჰასან ნასრალას მკვლელობებზე.

ისრაელი ირანს საპასუხო ზომით, ხოლო ირანი ისრაელს პასუხის შემთხვევაში უფრო მასშტაბური დარტყმით ემუქრება.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელს სრული მხარდაჭერა დაუდასტურა და განაცხადა, რომ მისი პირდაპირი მითითებით ამერიკელი სამხედროები აქტიურად დაეხმარნენ ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემას. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ირანის აგრესიისგან ისრაელის დაცვა. ამასთან, ოსტინმა ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონი კვლავ ერთგულია დიპლომატიური გზების ძიების, რათა არ დაუშვან კონფლიქტის შემდგომი გაფართოება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S