აშშ-ის ელჩი: "ივანიშვილი საკუთარ ფინანსურ ინტერესებს საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებზე მაღლა აყენებს"
03/10/2024 18:15:43 პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის შეფასებით, "პრობლემურია", რომ ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ფინანსურ ინტერესებს საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებზე მაღლა აყენებს.
ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა „რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ელჩის შეფასებით, „პრობლემურია, როცა პირი, რომელიც კარგად ცნობილია, რომ მართავს მთავრობასა და მმართველ პარტიას ამ ქვეყანაში, უარს ამბობს შეხვდეს საერთაშორისო მხარეებს, სტრატეგიულ პარტნიორებს, მის მიმართ ფინანსური სანქციების დაკისრებაზე საკუთარი მცდარი აღქმის გამო. ანუ, თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა“.
ამასთან, დანიგანის განცხადებით, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების ქმედებებით შეშფოთებაში ამერიკელი დემოკრატები და რესპუბლიკელები ერთიანნი არიან, ამდენად, ვარაუდი, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ამ კუთხით რაიმეს შეცვლის, უსაფუძვლოა.
"ზოგიერთები ამბობენ, რომ რაც მოხდება ჩვენს [აშშ-ის საპრეზიდენტო - რედ.] არჩევნებზე, ზეგავლენას იქონიებს საქართველოს მიმართ ჩვენს პოლიტიკაზე. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის არის ნამდვილი ერთიანობა იმ შეშფოთებაზე, რომელიც [საქართველოს - რედ.] ამჟამინდელი მთავრობის ქმედებებითაა გამოწვეული. აგვისტოში ჩვენ გვქონდა კონგრესის ორპარტიული, ორპალატიანი დელეგაციის ვიზიტი [საქართველოში - რედ.], დემოკრატ სენატორ შაჰინისა და რესპუბლიკელ კონგრესმენ ტერნერის ხელმძღვანელობით. მათი გზავნილი "ოცნების" მთავრობისთვის სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ არ არსებობს განსხვავება ჩვენს შეშფოთებას შორის იმ ქმედებებით, რომლებსაც თქვენ ახორციელებთ. [...] იდეას, რომ ჩვენი არჩევნებით რაიმე შეიცვლება საქართველოს მიმართ ჩვენს პოლიტიკაში, ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია" - აღნიშნა ელჩმა.
ცნობისთვის: "ქართული ოცნების" წარმომადგენები ფაქტობრივად, ღიად გულშემატკივრობენ საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკელების კანდიდატ დონალდ ტრამპს და ცდილობენ, დაარწმუნონ საქართველოს მოსახლეობა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ტრამპთან ურთიერთობებს უპრობლემოდ "დაალაგებენ".


