
ილია მეორე – აშშ–ის ელჩს: "პრობლემა ბევრია, მაგრამ იმედი უფრო მეტია"
04/02/2020 12:35:59 საგარეო პოლიტიკა, საზოგადოება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს საპატრიარქოში უმასპინძლა.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს. „პრობლემა ბევრია, მაგრამ იმედი უფრო მეტია“, – ბრძანა უწმინდესმა.
შეხვედრაზე პატრიარქმა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების აუცილებლობაზე ისაუბრა და აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გაწეული თანადგომისთვის მადლიერება გამოხატა.
თავის მხრივ, აშშ-ს ელჩმა პატრიარქს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აშშ კვლავაც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.
"საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) შეხვედრაზე გასული წლის ოქტომბერში აშშ-ში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტის შესახებ ისაუბრა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ელჩს ასევე მიმართეს საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარემ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა), ინტერრელიგიურ საბჭოში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა, თეა გოგოტიშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კავშირი 21-ე საუკუნე”-ს გამგეობის თავმჯდომარემ, პაატა გაჩეჩილაძემ", – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.