
ჭიდაობის ფედერაცია – ვლადიკავკაზის ტურნირში მონაწილე ქართველ სპორტსმენებზე: "წავიდნენ თვითნებურად და სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს"
03/10/2024 08:43:33 საზოგადოება
საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია ვლადიკავკაზში გამართულ შეჯიბრებაში ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეების გამოსვლის ფაქტს ეხმიანება.
"ეს ფედერაციასთან შეთანხმებული არ ყოფილა. არც მოწვევა მიუღია ფედერაციას, არც არავინ გაუშვია. ეს სპორტსმენებიც არ არიან ნაკრების აქტიური წევრები. არც მათი მწვრთნელები. ისინი წავიდნენ თვითნებურად და ამ საკითხზე სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს", – განუცხადეს "მთავარ არხს" ფედერაციაში.
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ჩრდილოეთ ოსეთში,ვალდიკავკაზში გამართულ ტურნირში მიიღეს მონაწილეობა. ტურნირში ასევე მონაწილეობდნენ მოჭიდავეები რუსეთიდან, ასევე, საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან – აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ტურნირზე "დამოუკიდებელ ქვეყნებად" იყო წარმოდგენილი.