აშშ-ის საელჩო: ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრებისთვის სანქციები არ დაგვიწესებია
03/10/2024 07:32:18 პოლიტიკა
შეერთებული შტატების საელჩოში ამბობენ, რომ აშშ-ს "ბიძინა ივანიშვილისათვის და მისი ოჯახის უახლოესი წევრებისათვის სანქციები არ აქვს დაწესებული".
„ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებს ფინანსური სანქციები არ დაუწესებია. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი საჯაროდ აქვეყნებს ყველა ფინანსურ სანქციას“, - იუწყება "რადიო თავისუფლება" საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოზე დაყრდნობით.
ტელეკომპანია „ფორმულამ“ 2 ოქტომბერს წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ, - რომ ბანკებმა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს ანგარიშების ნაწილზე წვდომა „საერთოდ შეუჩერეს“, ზოგ შემთხვევაში კი „შეზღუდული საფინანსო რესურსით ოპერირების რეჟიმში გადაიყვანეს“.
ივანიშვილის ოთხი შვილიდან სამი - უტა, გვანცა და ბერა ივანიშვილები - წლებია, არ ცხოვრობენ საქართველოში.
ტელეკომპანია წერს, რომ წყაროს ცნობით, „აღნიშნული ზომა გამომდინარეობს ე.წ. პრესანქციური - წინა სასანქციო რეჟიმიდან“.
„ეს გულისხმობს, რომ ფინანსური ინსტიტუტები გადაწყვეტილებას ანგარიშის მფლობელის ან მასთან დაკავშირებული სუბიექტის სასანქციო რეჟიმში გადაყვანის თაობაზე იღებენ მაღალი სანდოობის მატარებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რასაც აშშ-ის ხაზინის ან სახელმწიფო დეპარტამენტი, ან ევროპული ინსტიტუტები ავრცელებენ“, - აცხადებს ტელეკომპანია.
ორიოდე კვირით ადრე, 20 სექტემბერს, „ამერიკის ხმამ“ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მილიარდერი ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი უკვე შეიმუშავა და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს.


