
OPEC-ის ქვეყნები და რუსეთი საგანგებო ნაბიჯებისთვის ემზადებიან
04/02/2020 10:27:49 მსოფლიო, ეკონომიკა
ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC) განიხილავს ღონისძიებებს დღე–ღამეში ნავთობმოპოვების ნახევარი მლნ ბარელით შესამცირებლად. როგორც "Reuters"-ს OPEC–ში წყარომ აცნობა, ეს მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების გამო ნავთობზე მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება.
მისივე ცნობით, ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოებისა და რუსეთის (OPEC+) წარმომადგენლები 14 –15 თებერვალს საგანგებო სხდომის გამართვას გეგმავენ, რომელიც, წინასწარი გეგმის მიხედვით, მარტში უნდა ჩატარებულიყო.
ცნობისთვის: 2020 წლის დასაწყისიდან ნავთობი დაახლოებით 10 დოლარით გაიაფდა და ამჟამად ბარელი 56 დოლარი ღირს, რაც ნაკლებია დონეზე, რომელიც OPEC–ის ქვეყნების უმრავლესობას დაბალანსებული ბიუჯეტების შესანარჩუნებლად ესაჭიროება.
ანალიტიკოსების ვარაუდით. ჩინეთში კორონავირუსის აფეთქებამ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შესაძლოა, ნავთობზე მოთხოვნის დღე–ღამეში ¼ მლნ ბარელით შემცირება განაპირობოს.
OPEC–ის წევრმა ირანმა 3 თებერვალს განაცხადა, რომ ვირუსის გავრცელებამ ნავთობზე მოთხოვნა დააგდო და ფასის დასტაბილურების აუცილებლობა შექმნა.
"The Wall Street Journal"-ის ცნობით, ბაზრის მხარდასაჭერად ერთ–ერთ ნაბიჯად საუდის არაბეთში ნავთობის სადღეღამისო მოპოვების 1 მლნ ბარელით შემცირება განიხილება.