კრემლის მორიგი საეკლესიო დესანტი საქართველოში: ლისზე პავლიაშვილის აშენებული ტაძარი აკურთხეს
02/10/2024 10:06:40 პოლიტიკა
წალკის ეპისკოპოსმა გრიგორიმ (კაციამ) ლისზე ღვთისმშობლის შობის სახელობის ახალი ეკლესია აკურთხა, რომელიც პუტინის რეჟიმის წარმოშობით ქართველი მეხოტბის - მომღერალ სოსო პავლიაშვილის ფულითაა აშენებული.
ეკლესიისა და მისი კურთხევის 28 სექტემბერს გადაღებულ კადრებს რუსეთის საპატრიარქოს პროპაგანდისტული გამოცემა "Ведомости Патриархии" აქვეყნებს.
მასალას რუსეთის ქართული სათვისტომოს განცხადება ახლავს, რომლის თანახმად, ეკლესიის მშენებლობის ინიციატივა თავად პავლიაშვილს ეკუთვნის, ისევე, როგორც თანხები, რომლითაც მშენებლობა დაფინანსდა, თუმცა მათი ოდენობა არ კონკრეტდება.
რუსეთის ქართული სათვისტომოს ტელეგრამ-არხზე კი პავლიაშვილის კომენტარიცაა გამოქვეყნებული:
"უზომოდ ბედნიერი ვარ. არც კი მჯერა, რომ ეს შევძელით. უფალი ყოველთვის გვეხმარება - მე ეს ვიცი!".
ცნობისთვის: 2020 წელს პავლიაშვილს ნათქვამი აქვს, რომ უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში აშენებდა აქართველოში ეკლესიას, მაგრამ ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობების გამო ამ ფაქტს არ აფიშირებდა.
პავლიაშვილი პუტინის დანაშაულებრივი რეჟიმის აქტიური მხარდამჭერია და კრემლის კარის ერთ-ერთ მომღერლად ითვლება. იგი აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის შეჭრას უკრაინაშიც და აცხადებს, რომ "ამ ომში რუსეთმა უნდა გაიმარჯვოს - წინააღმდეგ შემთხვევაში გაიმარჯვებს ანტიქრისტე".
იხილეთ ასევე: „ქალი ხატებით“, სტალინი & Co, ანუ გეშინოდეთ რუსული ძღვენის მომტანი დანაელების


