
სებ–ის პასუხი კითხვაზე, მიუთითა თუ არა კომერციულ ბანკებს, გაუყინოს ანგარიშები აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირებს
02/10/2024 08:36:34 პოლიტიკა, ეკონომიკა
"ევროოპტიმისტების“ წევრმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას აშშ-ის მიერ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით მიმართა შეკითხვით, მიუთითა თუ არა ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს, გაუყინოს ანგარიშები ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, ზურაბ მახარაძესა და კონსტანტინე მორგოშიას.
„გასცა თუ არა მითითება საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისადმი ზემოთ აღნიშნული პირების საბანკო ანგარიშების გაუქმების (გაყინვის) შესახებ?“, – დაინტერესდა დეპუტატი.
სებ-ის საპასუხო წერილში, რომელსაც ხელს ნათელა თურნავა აწერს, კონკრეტული პასუხი გაცემული არაა და ნათქვამია, რომ ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშების ან/და ოპერაციების შესახებ ცნობები, აგრეთვე, მესამე პირების შესახებ ცნობები შეიძლება გაიცეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე:
"ასევე, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილება, როგორც წესი, არ მოიცავს კონკრეტულ პირებთან/ანგარიშებთან დაკავშირებულ მითითებებს. ამასთან, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სანქციათა რეჟიმების დარღვევის/გვერდის ავლის რისკის შეფასება უნდა მოახდინოს თავად ფინანსურმა ინსტიტუტმა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება ტრანზაქციის განხორციელებასა და სხვა ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მოკლებულია შესაძლებლობას მოგაწოდოთ თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია".
"აღსანიშნავია, რომ ფინანსური სექტორის წარმომადგენლების ადგილზე და დისტანციური შემოწმების დროს, საქართველოს ეროვნული ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მათ შესაბამისობას საერთაშორისო სანქციებთან. მოწმდება ფინანსური სექტორის წარმომადგენლის მიერ სანქცირებული პირების გამოვლენისა და ტრანზაქციების შესწავლის საკითხი, ასევე, საერთაშორისო სანქციების დაცვის კუთხით შემუშავებული და დანერგილი კონტროლის მექანიზმები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით“, – აღნიშნულია წერილში.