კარპენტერი: "თუ არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი, განვაგრძობთ ზომების მიღებას"
02/10/2024 06:37:45 პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორი მაიკლ კარპენტერი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება საქართველოს ევროინტეგრაციიდან 180 გრადუსით აშორებს". ეს განცხადება მან ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ხატია დეკანოიძის კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
კარპენტერის თქმით, "თუ არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი, განაგრძობენ ზომების მიღებას".
"რასაც ამჟამად აკეთებს "ქართული ოცნების" ხელისუფლება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციიდან 180 გრადუსით დაშორებაა. თუ ისინი გააგრძელებენ ამ გზას - სამოქალაქო საზოგადოებისთვის ძირის გამოთხრას, ფუნდამენტური თავისუფლებების დარღვევას, "უცხოელ აგენტებზე კანონის" აღსრულებას და თუ არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი, ისინი ევროკავშირსა და NATO-ში მალე არ შევლენ და ჩვენ განვაგრძობთ ზომების მიღებას, რომლებიც გვაქვს ჩვენი სავიზო პოლიტიკისა და გლობალური "მაგნიტსკის სანქციების" მიმართ, რომლიც ეკისრება მას, ვინც არღვევს დემოკრატიულ ნორმებს. არ შეიძლება, იყოს ამხელა უფსკრული ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მომავლის მისწრაფებასა და იმას შორის, რასაც ამჟამად ხელისუფლება აკეთებს. მინდა, ვიყო აბსოლუტურად მკაფიო. ის, რასაც ადგილზე ვხედავთ, მიუღებელია", - ამბობს მაიკლ კარპენტერი.


