პოდოლიაკი - "ოცნების" ბანერებზე: ვიღაცას როდესაც მიზეზი და შედეგი ერევა, ნაღმს უდებს საკუთარ მოქალაქეებსა და ქვეყანას!
02/10/2024 06:35:01 პოლიტიკა
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი "ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერებს ეხმიანება და ხაზს უსვამს, რომ ეს "არა მხოლოდ უკრაინას აყენებს შეურაცხყოფას, არამედ საქართველოსთვისაც შეურაცხმყოფელია".
"რა თქმა უნდა, ნეგატიური რეაქცია მქონდა, იმიტომ რომ აგრესორი არის რუსეთის ფედერაცია - რუსეთს შეუძლია იარსებოს მხოლოდ ომის პირობებში, მეზობელი ქვეყნების დანგრევით და როგორი ბრწყინვალე ინფრასტრუქტურაც არ უნდა გაგაჩნდეთ, რუსეთი, რაღაც მომენტში, შურის და სიძულვილის გამო, შემოვა და ყველაფერს დაანგრევს. ეს არ არის არავის სურვილი - არც უკრაინის, არც საქართველოს, ეს მხოლოდ რუსეთის სურვილია და ვიღაცას როდესაც მიზეზი და შედეგი ერევა, ნაღმს უდებს საკუთარ მოქალაქეებსა და ქვეყანას, იმიტომ რომ რუსეთი არ გახლავთ ის ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო სამართალს, ორმხრივ ხელშეკრულებებს სცემს პატივს!
რუსეთი ყოველთვის იპოვის მიზეზს, რომ თავს დაესხას ნებისმიერ მეზობელს, იმიტომ რომ თვლის, რომ ამის უფლება აქვს, იმიტომ რომ პოსტსაბჭოთა სივრცე, სადაც ჩვენც და თქვენც იმყოფებით, აღიქვამს, როგორც თავის გავლენის, შესაძლებლობების სფეროს და თვლის, რომ მასთან უნდა შეათანხმო პრეზიდენტის, მინისტრების, დეპუტატების არჩევა და ა.შ. ეს არის მიუღებელი და რომ შევაჯამოთ ყოველივე აღნიშნული, ეს არა მხოლოდ უკრაინას აყენებს შეურაცხყოფას, არამედ საქართველოსთვისაც შეურაცხმყოფელია", - თქვა მიხაილო პოდოლიაკმა.
ცნობისთვის: თბილისში გამოჩნდა პარტია "ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერები წარწერით: "არა ომს, აირჩიე მშვიდობა". ზოგ ბანერზე მარცხენა მხარეს გამოსახულია უკრაინის დონეცკის ოლქის სოფელ ბოგოროდიჩნეში დაბომბვის შედეგად განადგურებული ტაძარი, მარჯვნივ კი თბილისის სამების ტაძარი. ბანერების მარცხენა მხარეს შავ-თეთრი ფოტოებია, მარჯვენა მხარეს კი - ფერადი.
კიდევ ერთი პლაკატზე მარცხნივ გამოსახულია განადგურებული მარიუპოლის თეატრი, მარჯვნივ - სენაკის თეატრი, რომელიც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული "ქართუ ფონდის" მიერაა რეაბილიტირებული.
ბანერების მარცხენა მხარეს, სადაც ომის დროს დანგრეული უკრაინული შენობებია გამოსახული, გადახაზულია შემდეგი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ნომრები:
4 - „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“
5 - „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“
9 - „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“
25 - „გახარია საქართველოსთვის“.
"ასეთი შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს, “ღირსებით” ჯოჯოხეთისკენ!", – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ ბანერებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" ახალი - სკანდალური წინასაარჩევნო ბარიერი ეფუძნება კარგად ცნობილ პროპაგანდისტულ ნარატივს "რუსეთის წინააღმდეგ ომში საქართველოს ჩათრევის მცდელობების" თაობაზე, რომელსაც მმართველი ძალა პოლიტიკური ოპონენტებისა და ქვეყნის დასალელი პარტნიორების დისკრედიტაციისთვის იყენებს.


