ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში "ოცნების" მოსვლის თარიღს 26 მაისსა და 9 აპრილს ადარებს
01/10/2024 05:26:39 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მის მიერ დაფუძნებული პარტიის მოსვლის თარიღს – 1 ოქტომბერს 26 მაისსა და 9 აპრილს ადარებს.
"შეუძლებელი შევძელით და თუკი 2011 წელს, პოლიტიკაში ჩემი მოსვლის მომენტში, ხალხს ქუჩაში გამოსვლის და შეკრებისაც კი ეშინოდა, 2012 წლის 29 სექტემბერს, როგორც მინიმუმ ნახევარი მილიონი პატრიოტი მოეფინა თბილისის ქუჩებს, რათა ყველასთვის გვეჩვენებინა, რომ არავის და არაფრის გვეშინია, 1-ელი ოქტომბერს კი, ქუდზე - კაცი მივედით საარჩევნო ყუთებთან და არა მხოლოდ გადავრჩით, არამედ გავიმარჯვეთ! ამ ერთიანობის ძალით შევძელით ბოროტების - სიკეთით, ხოლო სიცრუის სიმართლით, უსისხლოდ დამარცხება. სწორედ ჩვენი ხალხის ამ უპრეცედენტო ერთიანობას ვერ აღუდგნენ წინ იმჟამინდელი რეჟიმი და მათი უცხოელი პატრონები!
ამიტომაც, ეს დღე ჩვენი სიამაყის საერთო საფუძველია! ნიშანი და სიმბოლო საქართველოს მოქალაქეების ერთიანობისა და ამ ერთიანობის ძალისა! ეს დღეც ჩვენია, როგორც 26 მაისი, როგორც 9 აპრილი! ამ ყველაფრისთვის სამშობლო თქვენი მადლიერია, მადლიერი ვარ მეც, როგორც თქვენი თანამებრძოლი, ქართველი კაცი!", – ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს.


