ცესკო: პრეზიდენტის შვილი საკონსულო აღრიცხვაზე საფრანგეთშია და ხმის მიცემას პარიზში შეძლებს
30/09/2024 13:45:09 პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, გადაამოწმეს საქართველოს პრეზიდენტის შვილის მონაცემები და დაადგინეს, რომ ქეთევან გორჯესტანი საკონსულო აღრიცხვაზე დგას საფრანგეთში, მას რეგისტრაციის ადგილად (საცხოვრებელ ადგილად) მითითებული აქვს საფრანგეთი.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაამოწმა საქართველოს პრეზიდენტის შვილის მონაცემები, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ ქეთევან გორჯესტანი საკონსულო აღრიცხვაზე დგას საფრანგეთში და ასევე რეგისტრაციის ადგილად (საცხოვრებელ ადგილად) მითითებული აქვს საფრანგეთი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ის ვერ მოხვდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში, თუმცა მისი მონაცემები კანონის შესაბამისად შეტანილი იქნება სპეციალურ სიაში და ის შეძლებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმა მისცეს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ პარიზში გახსნილ საარჩევნო უბანზე", – აცხადებენ ცესკო–ში.
ცენტრალური საარჩევნო კომისია მიმართავს ამომრჩევლებს, დროულად გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში:
"აქვე მივმართავთ ამომრჩევლებს, დროულად გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ, რათა დროულად მოხდეს მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება და არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი პროცედურების განხორციელება".
თავდაპირველად „ნეტგაზეთმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, "პრეზიდენტის შვილი და ძმისშვილები ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ ფიგურირებენ".


