გახარია – ივანიშვილს: "მოვუწოდებთ, ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე სამ კითხვას გასცეს პასუხი"
30/09/2024 11:57:02 პოლიტიკა
„გახარია – საქართველოსთვის” ლიდერი მიმართავს „ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს და მოუწოდებს, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მოქალაქეებს სამ კითხვაზე გასცეს პასუხი.
"რამდენიმე კვირაა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი დაჟინებით ითხოვს საქართველოს მოქალაქეებისგან ბოდიშის მოხდას. გაურკვეველია, საერთოდ ვისთვის და ამავე დროს, ითხოვს საკონსტიტუციო უმრავლესობას, მომავალში, არჩევნების შემდგომ შესაძლო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. სინამდვილეში არაფერს გვიხსნის, არაფერს გვეუბნება, როგორ აპირებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ან რა გეგმა აქვს, იქნებ ვეთანხმებით.
ამ დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-დან მკაფიოდ და ღიად აფიქსირებს საკუთარი ქვეყნის პოზიციას, რომ რუსეთის ფედერაციისთვის არაფერი შეცვლილა - ისინი არ აპირებენ არც ჯარის გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან და არც ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაწვევას.
მსგავს პირობებში, ხელისუფლება, რომელიც თავს ასაღებს წინასაარჩევნოდ ქვეყნის სუვერენიტეტის, ტრადიციებისა და ქვეყნის ერთიანობის დამცველად, ამ ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი არც გამოსულა და როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნის სუვერენიტეტი თავისი განცხადებებით დაარღვია, არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. სანაცვლოდ, მუნიციპალური დონის ვითომ კრიტიკოსები რაღაცებს აქედან პასუხობენ.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ყველაზე დიდი ამოცანაა, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად და დაუშვებელია მსგავსი საკითხების, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, კულუარულად, დახურულ ოთახში დალაგება და საქართველოს მოქალაქეებისთვის არანაირი ინფორმაციის მიწოდება არ ხდება.
ჩვენთვის გასაგებია, რომ ივანიშვილს დებატების ეშინია და გაურბის. თუმცა, მოვუწოდებ, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხთან დაკავშირებით მაინც სცეს პატივი საქართველოს მოქალაქეებს და განუმარტოს თუ არ შეუძლია დებატები. განუმარტოს, მაშინ მაგალითად, როდესაც 15 ოქტომბერს, ზუგდიდში იქნება. მაშინ, როცა მოითხოვს საქართველოს მოქალაქეებისგან ბოდიშის მოხდას, ან საქართველოს მოქალაქეებისგან მოითხოვს საკონსტიტუციო უმრავლესობას, რომ შემდგომ თეორიულად თეორიულად ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს, მათ მაინც გასცეს პასუხი შემდეგ სამ კითხვაზე:
- რა ფორმით და რა პირობებით ფიქრობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მაშინ, როცა არც რუსეთის და არც ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმების პოზიციები არ შეცვლილა ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის უკან გაწვევის და საოკუპაციო ჯარების გაყვანის შესახებ?
- რა ტიპის სახელმწიფო მოწყობისთვის და რა ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ითხოვს საკონსტიტუციო უმრავლესობას?
- დასავლეთთან დაპირისპირების და როგორც შედეგის - საქართველოს იზოლაციის, ასევე, დღევანდელი ხელისუფლების შეცვლილი პოზიციის და ომის დაწყების საკუთარ ქვეყანაზე დაბრალების პირობებში, ემუქრება თუ არა საფრთხე არაღიარების პოლიტიკას და როგორ აპირებს არაღიარების პოლიტიკის დაცვას?
მხოლოდ ამ კითხვებზე საჯარო პასუხების გაცემის შემთხვევაში შეუძლია ივანიშვილს ისაუბროს მშვიდობაზე, სუვერენიტეტის დაცვაზე და ქვეყნის მშვიდობიანად გამთლიანებაზე.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი მსგავსი საკითხი გამოყენებული წინასაარჩევნოდ, იქნება შეფასებული, როგორც მორიგი ტყუილის მცდელობა და რაც ყველაზე დიდი საფრთხეა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის საბოლოოდ განადგურება!
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „ოცნებას“ და ივანიშვილს პერსონალურად, რომ მსგავსი საკითხები არ უნდა წყდებოდეს კულუარულად, არ უნდა წყდებოდეს ბნელ ოთახებში, საერთოდ გაურკვეველი ადამიანების მონაწილეობით და ეს უნდა იყოს განხილვის საგანი. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვიმსახურებთ იმას მაინც, რომ საქმის კურსში ჩაგვაყენოთ, იქნებ გემხრობით, იმიტომ, რომ თითოეული ჩვენგანისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჩვენი სახელმწიფოებრიობის და ჩვენი შვილების მომავლის საკითხია“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის: 14 სექტემბერს საქართველოს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გორში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, „როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, საზოგადოება გამოძებნის ძალას, რათა ბოდიში მოიხადოს იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები".
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ გუნდი მზადაა, ქვეყანა ისეთ საკონსტიტუციო მოწყობის მოდელზე გადაიყვანოს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას უზრუნველყოფს".
28 სექტემბერს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თელავში სიტყვით გამოსვლისას ივანიშვილმა კვლავ ისაუბრა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე:
„ესაა ბრძოლა ჩვენი დიდი ხნის ნატვრის ასასრულებლად - კვლავ გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო, თუმცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით, შერიგებისა და ურთიერთ შენდობის საფუძველზეა შესაძლებელი! ამ საკითხთან დაკავშირებით უცხო ქვეყნების აგენტებისა და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება ნათლად გვიჩვენებს მათ რეალურ მიზანს – საქართველო მუდმივი კონფლიქტისა და დაპირისპირების რეჟიმში იყოს. სწორედ ამიტომ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მზადება, პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე გადის. 26 ოქტომბერს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ გუნდს გვაქვს მზაობა, რომ საჭირო მომენტში, ქვეყანა საკონსტიტუციო მოწყობის ისეთ მოდელზე გადავიყვანოთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს ავიხდინოთ ჩვენი მრავალწლიანი ოცნება - კვლავ ვიხილოთ ერთიანი და ძლიერი საქართველო!“.


