თბილისის სოხუმთან "შერიგების მსურველი" მოსკოვი აფხაზეთს "დამოუკიდებლობასა და გამარჯვებას" ულოცავს
30/09/2024 09:26:07 პოლიტიკა
სანამ საქართველოს მმართველი პარტია "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ მოსახლეობას "ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერ წუთს შესაძლო აღდგენის" შესახებ ნარატივით აბრუებს და ვითომდა მსგავსი შესაძლებლობისთვის საკანონმდებლო დონეზე მოსამზადებლად საკონსტიტუციო უმრავლესობას მოითხოვს, პარალელურად კი პოზიტიურად უფასებს მოსკოვს ამ პროცესზე გამოხმაურებას, რომელიც საქართველოს მიერ სოხუმისა და ცხინვალის "დამოუკიდებლობის" აღიარების პირობით მხარეთა "შერიგებისთვის ხელშეწყობის მზადყოფნაში" გამოიხატა, რუსეთის პრეზიდენტი დღეს სოხუმს "გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს" ულოცავს.
იხილეთ ასევე: "ჯერ რუსეთთან დიპურთიერთობები აღადგინეთ!" - სოხუმმა თბილისს ლავროვის განცხადების პოზიტიურად შეფასების გამო დასცინა
ცნობისთვის: დღეს აფხაზეთში "გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს" საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავენ. 1993 წლის 30 სექტემბერს აფხაზურმა მხარემ რუსეთის დახმარებით თითქმის მთელს რესპუბლიკაზე დაამყარა კონტროლი, კოდორის ხეობის გამოკლებით.
ეს დღე რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზებს დღეს პრეზიდენტმა პუტინმაც მიულოცა.
"რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპების საფუძველზე. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ სხვადასხვა სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის ხელისუფლებისა და ხალხის მხარდაჭერას სახელმწიფოებრივი განვითარების ამოცანების გადაჭრაში. გულწრფელად გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს, აფხაზეთის მოსახლეობას კი - მშვიდობასა და კეთილდღეობას" - ნათქვამია დე-ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასადმი პუტინის მილოცვაში.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, აგვისტოში პუტინს სოხუმისა და ცხინვალისთვის რუსეთის მიერ მათი აღიარების წლისთავი არ მიულოცია, რასაც ოკუპირებულ რეგიონებში ბევრმა მიაქცია ყურადღება. განსაკუთრებით შეშფოთდნენ სოხუმში, რომელსაც ბოლო დროს მოსკოვთან ურთიერთობა საკმაოდ დაეძაბა აფხაზური "პარლამენტის" მიერ იმ რუსული კანონების არმიღების გამო, რომლებიც ოკუპირებული რეგიონის ანექსიაზეა მიმართული.


