კალაძე ლავროვის განცხადების პოზიტიურად შეფასების შემდეგ ოპონენტების მხრიდან კრიტიკაზე: "ასეთი გამოხმაურება მოჰყვა [ოსების წინაშე მობოდიშების შესახებ] ივანიშვილის გამოსავლასაც"
30/09/2024 08:50:53 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისი მერი კახა კალაძე კვლავ იმეორებს, რომ "რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადება პოზიტიურია".
„რაც შეეხება შერიგებას, ცუდი რა არის ამ პროცესში? პოზიტიურია ის ფაქტი, რომ ისინი ხელს შეუწყობენ შერიგების პროცესს. ვფიქრობ, რომ ყველა აცნობიერებს დაშვებულ შეცდომებს, რომელიც წლების წინ მოხდა. ჩვენ არ უნდა მოგვერიდოს ამაზე საუბარი და იმ მოჯადოებული წრიდან გამოსვლა, რომელიც დესტრუქციულმა, რადიკალურმა და ბოროტმა ძალამ - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა. მათ მეორე ვირტუალური სამყარო შეგვიქმნეს თავის პატრონებთან ერთად და მოჯადოებულ წრეზე გვატარებდნენ. სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ. [ლავროვის] განცხადება პოზიტიურია, თუმცა, ამის პარალელურად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. აფხაზეთში არის რუსული ბაზები. თუნდაც, დავიწყოთ საუბარი სამოქმედო გეგმის შექმნაზე, რათა მოხდეს დეოკუპაცია, ჯარების გაყვანა. არ მეგულება არც ერთი ადამიანი, ვისაც სამშობლო უყვარს, რომ მისი ოცნება არ იყოს ქვეყნის გამთლიანება“, - განაცხადა კალაძემ.
ამასთან, მან "სიბინძურე" უწოდა მისი მისამართით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გააკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, "კალაძის განცხადებით საქართველოს მოქმედი ხელისუფლება მიესალმა" ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. სახელმწიფოებად ცნობას.
როგორც კალაძემ აღნიშნა, "ასეთი გამოხმაურება მოჰყვა [ოსების წინაშე მობოდიშების შესახებ] ივანიშვილის გამოსავლასაც".
„სიბინძურეა ეს განცხადება და სპეკულაციების ნაწილია. ასეთი გამოხმაურება მოჰყვა თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის განცხადებასაც. ეს არის ბოროტი ძალა, რომლებმაც თავისი მოღალატეობრივი ქმედებებით ქვეყნის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი დაკარგეს. ჩვენ დაგვეღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა, მივიღეთ უამრავი დევნილი. ახლა რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სპეკულაციებშია, სწორედ მათ მოაწერეს მოღალატეობრივ რეზოლუციას ხელი. „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ეწინააღმდეგება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას. ხალხი მათ შესაბამის ადგილს 26 ოქტომბერს მიუჩენს და პოლიტიკურ სანაგვეზე მოისვრის. ასევე, მოხდება შესაბამისი სამართლებრივი გამოძიება, თუ რა მოხდა 2008 წელს, ვისი დავალებით მოხდა, ან ვინ მოაწერა ხელი მოღალატეობრივ ქმედებას. საქართველო მზადაა, რომ მოახდინოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. [ ...] ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ ამ თემაზე. პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ვრცლად ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლის გადადგმაც მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს შერიგება, ურთიერთ პატიება. სხვანაირად შეუძლებელია. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ნდობა ერთმანეთის მიმართ და ერთად ვიცხოვროთ. ყველაფერი სწორად უნდა გავაანალიზოთ. შეცდომები ჩვენც გვაქვს დაშვებული და გვინდა, რომ ამ ურთიერთ შერიგებისთვის გადავდგათ ნაბიჯები. მოვახდინოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მშვიდობიანი თანაცხოვრება. ჩვენ ამის მიღწევა გვინდა მშვიდობით და არა ომით, ბოროტებით, როგორც ეს რადიკალურ ოპოზიციას წარმოუდგენია".
ამავე თემაზე: კონფლიქტოლოგი: ანგრევს სამშვიდობო პროცესს!


