Accentnews.ge
„ოცნება“ ლობისტურ სკანდალთან დაკავშირებით თავის მართლებას კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ დადანაშაულებით ცდილობს

„ოცნება“ ლობისტურ სკანდალთან დაკავშირებით თავის მართლებას კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ დადანაშაულებით ცდილობს

03/02/2020 15:16:42 საშინაო პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძე ლობისტურ სკანდალს გამოეხმაურა, თუმცა საბიუჯეტო თანხების ხარჯვის საკითხზე საუბარის ნაცვლად, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში, ამჟამად ატლანტიკური საბჭოს დირექტორი საქართველოში ბათუ ქუთელია „ნაციონალურ მოძრაობისთვის“ ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტის ხელმოწერაში დაადანაშაულა.

"ბოლო კონტრაქტი ნაციონალურ მოძრაობასა და Orion Stategies-ს შორის თარიღდება 2019 წლის ოქტომბრით და მოქმედების პერიოდია ერთი წელი. კონტრაქტის მიხედვით, ლობისტური კომპანია ოპოზიციურ პარტიებს, ანუ „ნაციონალურ მოძრაობას“, ამ შემთხვევაში, უნდა დაეხმაროს ქართული დემოკრატიის გაძლიერებაში, ეს არის მითითებული კონტრაქტში. ამ ფორმალური მიზნის ქვეშ რა საქმიანობაც უნდა განახორციელოს ლობისტურმა კომპანიამ, ალბათ, ყველასათვის ნათელია. ამაში, რა თქმა უნდა, გასაოცარი, უჩვეულო და სკანდალური, მით უმეტეს, არაფერია, რომ არა იმ პირის ვინაობა, რომელიც კონტრაქტში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლად არის მითითებული. როგორც ვიცით, ეს ადამიანი არ უნდა იყოს ფორმალურად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და საჯარო სივრცეში მოქმედებს ე.წ სამოქალაქო, არასამთავრობო სექტორის და ე.წ ობიექტური ექსპერტის სტატუსით. საუბარია ბათუ ქუთელიაზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ მდინარაძის განცხადებას დღესვე გამოეხმაურა და იგი სიცრუეში დაადანაშაულა. პარტიის წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს კონტრაქტი წარუდგინა, სადაც მისივე თქმით, ბათუ ქუთელიას ხელმოწერა არ არის.

"ბატონი მდინარაძე ტყუის, როდესაც ამბობს, რომ კონტრაქტზე, რომელიც ნამდვილად გაფორმებული აქვს ერთიანი ნაციონალური მოძრაობას, წარმოდგენილია ბათუ ქუთელიას ხელმოწერა. მე ახლა წარმოგიდგენთ კონტრაქტს, სადაც ნათლად ჩანს, რომ არავითარი ბათუ ქუთელიას ხელმოწერა ამ კონტრაქტზე არ არის. აქ არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის ხელმოწერა, ამიტომ, ტყუის ბატონი მდინარაძე და მინდა, ვუთხრა, რომ ეს ყველაფერი არის ბოდვა“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მოგვიანებით, მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ბათუ ქუთელიაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იგი "არც ერთი პარტიის წევრი არ არის და არც წარმომადგენელია მოლაპარაკებებში".

"ჩემი პროფესიული საქმიანობის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ანალიტიკური პროდუქტების შექმნა და შესაბამისი მომსახურების გაწევა დაინტერესებული უცხოური კომპანიებისათვის. ამჟამად ვმუშაობ რამდენიმე ამერიკულ კომპანიასთან და მათი ინტერესებიდან გამომდინარე ჩემი ანალიტიკური პროდუქტები არის პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოების თუ სხვა პროფილის. ერთ–ერთი ასეთი კომპანიაა Orion Stategies. ყველა ეს საქმიანობა არის ღია და გამჭვირვალე ამერიკული კანონმდებლობით. საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე Orion Stategies გააკეთებს დამატებით განმარტებებს. ჩემი ანალიტიკური მომსახურეობის სანდოობა და საიმედოობა დაკავშირებულია ჩემს განლილ კარიერასთან, რეპუტაციასთან, შესრულებული საქმის ხარისხთან და მიუკერძოებლობასთან. მე არ გახლავართ არც ერთი პარტიის წევრი და არც წარმომადგენელი არანაირ მოლაპარაკებებში", – წერს ქუთელია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობამ ამერიკულ ლობისტურ კომპანიას Chartwell Strategy Group ხელშეკრულება გაუგრძელა. გასულ წელს საქართველოს მთავრობას კომპანიასთან თანამშრომლობა 780 000 დოლარი დაუჯდა. როგორც ოპოზიცია აცხადებს, წელს იგივე საქმიანობისთვის საქართველოს მთავრობა ხსენებული კომპანიისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 2 მილიონის გადახდას გეგმავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S