მიქანაძე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მოუწოდებს, არ გაითვალისწინონ 26 ორგანიზაციის შეფასებები
27/09/2024 11:03:47 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" დეპუტატმა გივი მიქანაძემ დღეს, 27 სექტემბერს მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც „ქართული ოცნების“ შეფასებით, არა ნეიტრალურები, არამედ ოპოზიციურ პარტიებთან არიან კავშირში და სახელისუფლებო გუნდის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.
მიქანაძის თქმით, ცესკოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრაცია გაიარა 49 ადგილობრივმა ორგანიზაციამ, მათგან ნახევარი "მიკერძოებულია".
„დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 26 წარმოადგენს მხარეს და არის მიკერძოებული, ანუ საერთო ჯამის 53%. პოლიტიკურ სუბიექტებთან კავშირების დასადგენად კვლევის მეთოდოლოგიად გამოყენებულ იქნა რეგისტრირებულ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციათა დამფუძნებლების, გამგეობისა და აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლების საჯარო კავშირები პოლიტიკურ სუბიექტებთან. გამოხატული პოლიტიკური სუბიექტის წევრობის ან მათ სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებებითა და გაწეული შემოწირულობებით. რაც შეეხება მიკერძოებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მათი იდენტიფიცირება განხორციელდა მათ მიერ საჯარო სივრცეში მმართველი გუნდის საწინააღმდეგო პროპაგანდითა და/ან მათ მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშებში მმართველი გუნდის მიერ საჯაროდ არაერთხელ გაცხადებული ათეულობით წინასაარჩევნო დარღვევის ასახვისგან თავის შეკავებით“, – თქვა მიქანაძემ და დასძინა, რომ ამ ორგანიზაციების მიერ წარმოებულო მონიტორინგი მიკერძოებული იქნება.
„მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია გამოვლენილ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ასახოს თავის ანგარიშებში და არ გაითვალისწინოს მათგან მიღებული სუბიექტური ინფორმაცია“ – დასძინა მიქანაძემ.


