
პრეზიდენტმა "ამნისტიის შესახებ კანონს" ხელი მოაწერა
27/09/2024 08:31:52 პოლიტიკა, საზოგადოება
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამნისტიის შესახებ კანონს ხელი მოაწერა,- ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება.
ამასთან, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ "საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, ამნისტიის კანონის მიღება არის ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა".
"ამნისტია თავისი არსით არის ჰუმანური აქტი და ზოგადად, მისი მიღება მიზანშეწონილია არჩევნების დასრულების შემდეგ, ან არჩევნებამდე გაცილებით ადრე.
პრეზიდენტმა გაითვალისწინა ის, რომ ამნისტიას ელოდება მრავალი მსჯავრდებული და მათი ოჯახები და ხელი მოაწერა ,,ამნისტიის შესახებ კანონს”,- ვკითხულობთ ადმინისტრაციის განცხადებაში.
როგორც განიმარტა, ამნისტია 5 000-ზე მეტ პატიმარს შეეხება - აქედან 1 000-ზე მეტი პენიტენციურ დაწესებულებას დაუყონებლივ დატოვეს, ხოლო 4 000 პატიმარზე მეტს სასჯელი შეუმცირდება.
პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება დაახლოებით, 22 000 პირს შეეხება - აქედან დაახლოებით 7 000 პრობაციის სისტემას დატოვებს.
საერთო ჯამში, სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება "სისხლის სამართლის კოდექსის" 300-მდე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს შეეხება.
პროექტი ამნისტიის შემდეგ ფორმებს ადგენს:
- პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან სრულად გათავისუფლება;
- სასჯელის 1/2-ით შემცირება;
- სასჯელის 1/4-ით შემცირება;
- სასჯელის 1/6-ით შემცირება;
- პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.
ამნისტია არასრულწლოვანი და ქალი პატიმრებისთვის უფრო მსუბუქ ზომებს ადგენს. კერძოდ, ნაცვლად სასჯელის განახევრების,1/4-ით ან 1/6-ით შემცირებისა, გათვალისწინებულია სასჯელის 2/3-ით, 1/3-ით და 1/5-ით შემცირება.
ამნისტია არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და ზოგიერთ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.