კობახიძემ გაეროში გამოსვლისას საქართველოს ოკუპაციის კონტექსტში რუსეთი არ ახსენა
26/09/2024 03:31:05 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას. ახსენა ოკუპაცია, თუმცა არ უხსენებია ოკუპანტი ქვეყანა - რუსეთი.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% უკანონოდ ოკუპირებულია, ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას, ზრდას და ვმუშაობთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ უკეთეს, უფრო ძლიერ და უფრო ღირსეულ საქართველოში", - თქვა კობახიძემ.
მან ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებსაც მიმართა.
"მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და მივმართო ჩვენს ხალხს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში. რასაც ვაკეთებთ, ამას ჩვენი ხალხისთვის ვაკეთებთ, რათა ერთ დღეს, შვილებთან ერთად ვიცხოვროთ ერთიან, ბედნიერ და განვითარებულ საქართველოში. აქეთა მხარეს ჩვენ ყოველთვის გულგახსნილი შეგხვდებით, ყველა ჩატეხილი ხიდი ჩვენ უნდა ავაშენოთ ჩვენს ქვეყანაში", - თქვა მან.
განსხვავებით კობახიძისგან 2023 წელს, იმჟამინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცახადა: "როგორც მოგეხსენებათ, ჩემმა ქვეყანამ 2008 წელს განიცადა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია და აგრძელებს მის დესტრუქციულ შედეგებთან გამკლავებას. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია და ასიათასობით ადამიანი სახლებიდან იძულებით არიან გადასახლებულნი".


