ქობულია არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ოპოზიციურ გუნდთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს
24/09/2024 21:55:21 პოლიტიკა
"ოცნების" ხელისუფლების ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ექს-მინისტრი (2018-2019 წ.წ.) გიორგი ქობულია პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს და ერთ-ერთ ოპოზიციურ გუნდთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომელთა შედეგი სავარაუდოდ, დღეს, 25 სექტემბერს გახდება ცნობილი. ამის შესახებ თავად ქობულიამ ტელეკომპანია "ფორმულას" გადაცემა "მარტივ ფორმულაში" სტუმრობისას განაცხადა.
აქვე შეგახსენებთ, რომ პოლიტიკაში მოსვლისა და საკუთარი პარტიის ჩამოყალიბების განზრახვა ქობულიამ მინისტრის თანამდებობის დატოვებიდან მალევე განასაჯაროვა, თუმცა პარტია დღემდე არ ჩამოუყალიბებია და ახლა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის სამზადისის ფარგლებში უკვე არსებულ ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიასთან კოოპერაციის მცდელობას ახორციელებს.
"არასოდეს მქონია პოლიტიკოსობის ამბიცია. საქართველოს მთავრობაშიც სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი - იმჟამინდელმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ და ბიძინა ივანიშვილმა მომიწვიეს, როგორც ტექნოკრატი, მაგრამ მთავრობაში ჩემი ტექნოკრატობა ძალიან მალე დამთავრდა, რასაც, ცხადია, ჰქონდა თავისი მიზეზები: როცა მინისტრად მოვდიოდი, მჯეროდა და შესაბამისი პირობაც მქონდა მოცემული, რომ მექნებოდა მართვის უკეთესი სისტემის ჩამოყალიბების მანდატი, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა მართალი და როგორც კი სხვადასხვა სფეროებში რაღაცის გაუმჯობესება ვცადე, შემექნმა უამრავი დაბრკოლება" - გაიხსენა მინისტრობის პერიოდი ქობულიამ.
ამის ერთ-ერთ მაგალითად მან აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შესყიდვაში გარკვეული შუამავალი რგოლის არსებობა და თანხების ამ რგოლში "დალექვა" დაასახელა:
"ზამთარში ელექტროენერგიას ქართული სახელმწიფო ყიდულობს აზერბაიჯანის სახელმწიფოსგან, მაგრამ ამ ორ სახელმწიფოს შორის რატომღაც არსებობს შუამავალი, რომელიც იქ არ უნდა იყოს და რომელშიც შესაბამისი თანხების გარკვეული პროცენტი ილექება. არც დიდი გამოძიება უნდა, არც დიდი ანალიტიკოსობა და გენიოსობა იმის მისახვედრად, რომ ეს არასწორია. ამაში ჩართული იყო მთელი ხელმძღვანელობა, იცოდა ყველამ, მათ შორის - ივანიშვილმაც. მე ვაპელირებდი მასთანაც და პრემიერ-მინისტრთანაც, რომ ეს სისტემა შეგვეცვალა... იყო არაერთი სხვა მსგავსი მაგალითიც და როგორც კი რაღაცის შეცვლა ვცადე, მინისტრად მოსვლიდან პრაქტიკულად ერთ თვეში მთხოვეს, გადავმდგარიყავი. რეალურად, მთავრობაში კიდევ რვა თვე გავძელი, რადგან მაინც მქონდა იმედი, რომ ამ ხალხს შემოვაბრუნებდი და უდიდესი ძალისხმევაც ჩავდე მათთვის იმის ასახსნელად, რომ ყველაფერი უკეთ შეგვეძლო და მსგავსი სქემები არ გვჭირდებოდა, თუმცა წარმატებას ვერ მივაღწიე. პირველად სწორედ ამის შემდეგ გამიჩნდა სურვილი, პოლიტიკაში მოვსულიყავი და უკვე ამ სარბიელიდან მეცადა ყველა იმ მანკიერების დაძლევა, რომელიც თავის ერთობლიობაში აფერხებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ხელს უშლის მოსახლეობის კეთილდღეობას".
ამასთან, ქობულია ირწმუნება, რომ ვერ ხედავს რუსეთის ვერანაირ კვალს ვერც იმჟამინდელი მანკიერებების მიზეზებში, ვერც საქართველოს დღევანდელობაში:
"აბსოლუტურად ვერ ვხედავ რუსეთის კვალს ვერც იმაში, რაც ჩემი მინისტრობის დროს ხდებოდა და ვერც იმაში, რაც დღეს ხდება. წინააღმდეგობები, რომელიც ზემოთ ვახსენე, უკავშირდებოდა ხელისუფლების წევრთა ხედვას იმასთან დაკავშირებით, როგორი მართვის სისტემა უნდა იყოს ქვეყანაში - რომ აუცილებლად უნდა იყოს ელიტური კორუფცია, მართული სასამართლო, რომელიც, როგორც მათ ჰგონიათ, ყველა ქვეყანაში ასეთია, მაგრამ რეალურად, ეს ასე არ არის; რომ უნდა იყოს შავი სალარო, სადაც ხალხი ფულს შეიტანს და მერე ამ ფულით არჩევნები დაფინანსდება, რომ ამ ხელისუფლებამ მუდმივად შეინარჩუნოს მართვის სადავეები და ა.შ. ასეთია ამ ადამიანების მენტალობა, მსოფლმხედველობა. მათ ჰგონიათ, რომ ასეა ყველგან და რომ თუ ვინმე მათგან დამოუკიდებელ სასამართლოს ითხოვს, ესე იგი, ის ვიღაც მათ ებრძვის...".
ნაკლებად ხედავს რუსულ კვალს ქობულია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ჩაშლაშიც, რომელსაც მამუკა ხაზარაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის დაპირისპირებას უფრო უკავშირებს:
"მე პირადად ვიყავი ჩართული ამ საქმეში, როგორც ხელმძღვანელი ეკონომიკის სამინისტროსი, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი აქტორი იყო. ანაკლიის პროექტის ჩავარდნას ორი მიზეზი ჰქონდა: 1) ობიექტურად, კონსორციუმმა ვერ შეასრულა კონტრაქტი, რომელიც მთავრობასთან ჰქონდა დადებული, თანაც ვერ შეასრულა მრავალჯერ; 2) რომ არა ხაზარაძე-ივანიშვილის კონფლიქტი, ივანიშვილი ფინანსური ინსტიტუტების მიერ მოთხოვნილ გარანტიებსაც გასცემდა და სხვა ყველაფერსაც გააკეთებდა, რაც პროექტის რეალიზებისთვის იყო საჭირო, მაგრამ კონფლიქტის გამო განუცხადა ხაზარაძეს, "აი, რაც ეწერა კონტრაქტში, ვერ შეასრულე და ახლა კარგად იყავიო".
ყოფილი მინისტრი და მომავალი პოლიტიკოსი რუსულ კვალს ვერც "ოცნების" ხელისუფლების ბოლოდროინდელ - დასავლელ პარტნიორებთან ღია დაპირისპირების პოლიტიკაში ხედავს და თვლის, რომ ეს თავად მმართველი გუნდის მცდარი ხედვების შედეგია:
"ობიექტურად, ფაქტებს რომ დავაკვირდეთ, საქართველოს სახელმწიფო დაუდგა გვერდში დასავლეთის თანამეგობრობას ყველა საკითხში, რომელიც ეხებოდა უკრაინასა და რუსეთ-უკრაინის ომს. ვიკვლიე ფაქტები, ვეძები [რუსული - რედ.] კვალი და ვერ მივაგენი. რაც შეეხება დასავლეთის მიმართ "ოცნების" ხელისუფლების ბოლოდროინდელ პოზიციას, რომელიც, მათი აზრით, რუსეთის შეკავებას ემსახურება, ეს, ჩემი აზრით, არაა ნაკარნახები რუსეთის ხელისუფლებისა თუ რუსული სპეცსამსახურების მიერ: რუსეთის დაკვეთა რომ ყოფილიყო, სხვა რამესაც დაუკვეთდნენ. ჩემი ხედვით, ეს თავად "ოცნების" ხელისუფლების მცდარი ხედვაა. საქმე იმაშია, რომ რუსეთის შეკავება, მოსკოვთან პრაგმატული დიალოგი აბსოლუტურად არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ დასავლეთს უნდა დავუპირისპირდეთ, რაც "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა და რაც, ჩემი აზრით, საქართველოს წინაშე უდიდესი დანაშაულია. ეს შედეგია ერთის მხრივ, უმეცრებისა და მეორეს მხრივ, მცდარი ხედვის იმაზე, თუ როგორაა მსოფლიო მოწყობილი. ამის მაგალითად ყოველთვის მომყავს "ოცნებისა" და პირადად ბ-ნი ივანიშვილის ცრურწმენა, თითქოს ის დე-ფაქტოდ უკვე დასანქცირებულია და ამიტომაც არ აძლევენ შვეიცარიის ბანკიდან ფულს. ეს სრული აბსურდია, რადგან კარგად ვიცნობ აშშ-ის როგორც სახელმწიფო სტრუქტურების სისტემას, ისე კერძო სექტორს და დემოკრატიულ სამყაროში უბრალოდ გამორიცხულია, გინდ აშშ-ის, გინდ ნებისმიერი სხვა ქვეყნის რომელიმე სტრუქტურამ ან სპეცსამსახურმა შვეიცარიის ბანკს მის კლიენტთან მიმართებაში რაიმე ბრძანება მისცეს. შეგვიძლია, მოვიყვანოთ "ოცნების" ამ მცდარი ხედვების კიდევ არაერთი სხვა მაგალითიც".
როგორც ქობულია ირწმუნება, პოლიტიკაში მოსვლის საკითხში საბოლოო გადაწყვეტილება მას სწორედ დასავლეთთან საქართველოს ბოლოდროინდელმა დაპირისპირებამ მიაღებინა:
"უნდა ყოფილიყო რაღაც ძალიან დიდი, სერიოზული თემა, რომელიც ამ ნაბიჯს გადამადგმევინებდა და ასეთი თემა სწორედ დასავლეთთან ამჟამინდელი დაპირისპირებაა. იგივე რუსები გვეუბნებიან, "ჩვენ დასავლეთთან ომში ვართ და გასაგებია, მაგრამ თქვენ რა გინდოდათ, რისთვის აკეთებთ ამასო?!"... ეს პრობლემა [დასავლეთთან საქართველოს დაპირისპირება - რედ.] აუცილებლად გადასაჭრელია და რაც მალე მოგვარდება, მით უკეთესი".
ამასთან, როგორც ქობულია ირწმუნება, ის ოპოზიციური გუნდი, რომელთანაც იგი ამჟამად აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, იზიარებს იმ აზრს, რომ დასავლეთის მიმართ "ოცნების" ხსენებული პოლიტიკა რუსეთის დაკვეთასთან არაა კავშირში და თავად სახელისუფლებო გუნდის არასწორი მსოფლმხედველობის შედეგია:
"შეიძლება, გუნდში იყოს ამაზე აზრთა გარკვეული სხვადასხვაობა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ყველანი ვთანხმდებით შემდეგ ვექტორზე: ჩვენ აუცილებლად უნდა აღვადგინოთ ურთიერთობა დასავლეთთან და რაც მალე მოხდება ეს, მით უკეთესი".
ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ექს-მინისტრმა რუსეთთან პირადი კავშირები კიდევ ერთხელ უარყო და განაცხადა, რომ "მართალია, რუსეთში ცხოვრობდა და მუშაობდა, მგრამ მუშაობდა ერთ-ერთი ამერიკული კომპანიის მოსკოვის ოფისის ტოპ-მენეჯმენტში, თანაც მრავალი წლის განმავლობაში, ხოლო მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობიდან წამოვიდა, ორი წელი - იაპონიაში, ხოლო სამი წელი აშშ-ში იმუშავა იმავე კომპანიაში".
"ასე, რომ არა მგონია, რუსეთთან რაიმე განსაკუთრებულ კავშირებში შეიძლება, დამედოს ბრალი, თუმცა რუსეთში ძალიან ძლიერი რეპუტაცია მაქვს, როგორც კომპანიის ერთ-ერთ ტოპ-მენეჯერს, ისევე, როგორც აშშ-ში, ასევე მთელს ევროპასა და აზიაშიც" - განაცხადა ქობულიამ.
აქ მკითხველს შევახსენებთ, როგორი პოზიცია დაიკავა იმხანად უკვე ექს-მინისტრმა ქობულიამ 2021 წელს, თბილისში რუს ჟურნალისტ ვლადიმირ პოზნერის ვიზიტის ირგვლივ განვითარებული მოვლენებისას. პოზნერი, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, მაშინ თბილისში საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად 40-მდე სტუმართან ერთად ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომელსაც მოგვიანებით პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. პოზნერი და მისი მეგობრები ქვეყანაში 3 დღით დარჩენას გეგმავდნენ, თუმცა პროტესტის გამო დროზე ადრე მოუწიათ გამგზავრება.
"[...]ჩვენთან ჩამოდის სტუმარი, რომელსაც უყვარს საქართველო, ჩამოჰყავს თავისი სტუმრები და იხდის დაბადების დღეს, ჩვენ კი მას ვადგებით კარზე და ქვებს ვესვრით!", - განაცხადა მაშინ ქობულიამ და ხელისუფლებას მსგავს საკითხებში "მეტი გაბედულობისკენ" მოუწოდა: "ჩვენს მთავრობას ცოტა მეტი გაბედულობა სჭირდება. მათ უნდა აღკვეთონ ასეთი სახის პროვოკაციები, ასეთი დივერსიები, რომელიც ჩვენ და ჩვენს მოსახლეობას უმძიმეს მდგომარეობაში გვაგდებს. ჩვენი ტურიზმის შემოსავლების 50%-ზე მეტი ხომ რუსეთიდან შემოსულებზე მოდისო".
26 ოქტომბრისა და შემდგომი მოვლენების პროგნოზირებისას კი ყოფილი მინისტრი განიხილავს ორ სცენარს - 1) ივანიშვილის გუნდის მიერ არჩევნების გაყალბებას და 2) მმართველი გუნდის მიერ გაყალბების გარეშე გამარჯვებას და აცხადებს, რომ მეორე სცენარი ქვეყნისთვის გაცილებით მძიმე იქნება.
"მეორე სცენარი საქართველოსთვის ბევრად უფრო მძიმეა, რადგან მაგ შემთხვევაში ხელისუფლებაზე წნეხი ალბათ, მნიშვნელოვნად შემსუბუქდება, მაღალი ალბათობით, არ დაწესდება რაიმე მნიშვნელოვანი სანქციებიც და გეტყვით, რატომ: თუ "ქართული ოცნება" ამ არჩევნებს ობიექტურად მოიგებს და საერთაშორისო საზოგადოება ამას აღიარებს, ეს საერთაშორისო საზოგადოებისთვის იმის ნიშანი იქნება, რომ საქართველოს მოქალაქეებს ნდომებიათ ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს "ქართული ოცნება" აწარმოებს - ანუ დასავლეთთან დაპირისპირება, დემოკრატიაზე საკმაოდ დიდი იერიშის მიტანა, ერთპარტიული მმართველობა და ა.შ. რა თქმა უნდა, დასავლეთი მტრად არ გამოგვაცხადებს და კავშირს არ გაგვიწყვეტს - უბრალოდ ექნება საქართველოსთან დაახლოებით იმ დონის ურთიერთობები, როგორიც აქვს ჩვენს სამეზობლოში არსებულ ავტორიტარულ ქვეყნებთან - ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის, დახმარების ამ დონის პროგრამების, ამ დონის დაფინანსების გარეშე. და თუ იმ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს აქვთ ნავთობი, გაზი და სხვა, ჩვენ კი მსგავსი არაფერი გვაქვს, დასავლური მხარდაჭერის გარეშე ჩვენ ისევ ჩავეშვებით იმ ორმოში, რომელშიც ვიყავით - დავრჩებით იზოლაციაში მყოფი რუსეთის პირისპირ, მიბმულები მხოლოდ მის ეკონომიკაზე... რაც შეეხება პირველ სცენარს, პირადად ჩემი და ჩემი პოტენციური პოლიტიკური პარტნიორების აზრით, არჩევნები ვერ გაყალბდება (რაც არ უნდა ეცადონ, ბოლომდე ვერ გააჩერებენ, მაგალითად, სადამკვირვებლო მანქანას, ვერ გადაასწორებენ ციფრებს, თორემ ამომრჩევლის მოსყიდვისა თუ დაშინების მცდელობებს არ ვგულისხობ გაყალბებაზე საუბრისას), პირველი სცენარის განვითარებას არ ველი. ასე, რომ მთავარია, თავი ავარიდოთ მეორე სცენარს, ამისთვის კი აუცილებელია, ყველა მოვიდეს არჩევნებზე, რადგან მართალია, კვლევების შედეგების თანახმად, "ოცნება" 50%-ს ვერ აგროვებს, მაგრამ ამის შანსი ჯერ კიდევ არსებობს, რადგან მხარდამჭერები ჯერ კიდევ ჰყავს".


