პაპუაშვილი დასავლეთის მხრიდან „ქართული ოცნების“ კრიტიკას არჩევნებში ჩარევად აფასებს
24/09/2024 13:23:12 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტიის მედიამონიტორინგის შედეგები წარადგინა.
მან დასავლელი პოლიტიკოსების და დიპლომატების კრიტიკული განცხადებები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ საარჩევნო პროცესში ჩარევად შეაფასა. მანამდე ამერიკული სანქციები არჩევნებში ჩარევის მცდელობად შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
პაპუაშვილის თქმით, 21 დღის განმავლობაში დასავლეთიდან ამ შინაარსის 90 განცხადება იყო.
მან რამდენიმე მაგალითი მოიყვანა, რომლებიც, მისი აზრით, საქართველოში წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას წარმოადგენს:
- ბუნდესტაგის წევრი კნუტ აბრაჰამი: „ოცნების“ პირობებში საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის შანსი არ აქვს“.
- ევროპარლამენტის წევრი რასა იუკნევიჩიანე: „ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეს ღიად უნდა ვთქვა, ბიძინა და ევროკავშირში გაწევრიანება შეუთავსებელია ერთმანეთთან“.
- ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონი: „შეწუხებული ვართ, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა ქვეყანას რუსეთის გავლენის ქვეშ აქცევს“.
პაპუაშვილის თქმით, ამავე პერიოდში რუსეთიდან მოისმინეს მხოლოდ ერთი განცხადება, რომელიც არჩევნებზე ზეგავლენის მაგალითს წარმოადგენს.
- ამავე თემაზე: „საინფორმაციო ველს ქმნიან“ - ვის ესაუბრებიან მოსკოვიდან?
„ჩვენ რუსეთის მხრიდანაც ვნახეთ განცხადებები, როდესაც ეუთოს მისიასთან დაკავშირებით იყო ერთ-ერთი განცხადება, რა თქმა უნდა, ესეც გახლავთ ზეგავლენის მოხდენის მაგალითი არჩევნებზე. თუმცა, სამწუხაროდ, ამ ერთი განცხადების საპირწონედ დგას დასავლეთიდან 90 განცხადება მხოლოდ სამი კვირის განმავლობაში“, - თქვა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნების“ მიერ "აგენტების კანონის" მიღების და ანტიდასავლური რიტორიკის გაძლიერების შემდეგ, დასავლეთის მხრიდან მმართველი გუნდის კრიტიკა გამძაფრდა. მათი შეფასებით, ეს კანონი აშორებს საქართველოს ევროკავშირს და რომ ინტეგრაციის გზა შეჩერებულია. სახელისუფლებო პარტია კი ჯიუტად იმეორებს, რომ "ღირსებით" მიდის ამ ბლოკისკენ.
პარტნიორები მნიშვნელოვნად აფასებენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას და რეფორმებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვადასხვა ბერკეტების გამოყენება განიხილება.
ევროკავშირის ელჩმა 20 სექტემბერს განაცხადა, რომ მოვლენათა გაუარესების შემთხვევაში, შეუძლიათ ინსტრუმენტების სხვადასხვა ელემენტის გამოყენება, რომელთა შორის ერთ-ერთია „ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმება".


