დეკანოიძე: პარტნიორების მხრიდან შეფასებები იყო ძალიან მძიმე
24/09/2024 14:09:10 პოლიტიკა
ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა პარლამენტში, ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წევრებთან გამართეს შეხვედრა.
შეხვედრის შემდეგ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სადამკვირვებლო მისიას ძალადობასთან დაკავშირებული მასალა გადაეცა, რომ საუბარი შეეხო კონკრეტული ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დეპუტატების მიმართ ანტიკორუფციული ბიუროს "სადამსჯელო მექანიზმად" გამოყენებას.
მისივე თქმით, ასევე ისაუბრეს ბიძინა ივანიშვილის ძალიან მკვეთრ განცხადებაზე, “რომელიც საქართველოს მოქალაქეებისა და ჯარისთვის ღირსების აყრის კონტექსტში ბოდიშის მოხდას გულისხმობდა“.
ამასთან, მან ჟურნალისტებს გაანდო, რომ პარტნიორების მხრიდან შეფასებები ძალიან მძიმე იყო.
"ჩვენი პარტნიორების მხრიდან შეფასებები იყო ძალიან მძიმე. ეს არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია, რომელმაც ძალიან კარგად იცის საქართველოში არსებული პრობლემები. ერთ-ერთი ჩვენი კოლეგისგან პირდაპირ ითქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება“ ზეწოლას და რუსული გავლენის გააქტიურებას გააგრძელებს, საქართველო გახდება ბელარუსი. ეს იყო პირდაპირი სიტყვები, რომელიც ერთ-ერთი კოლეგისაგან მოვისმინეთ.
ასევე გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ყველა დარღვევა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს თუ არჩევნების შემდეგ იქნება, დაფიქსირდება და შეფასდება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.


