
ისრაელმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
24/09/2024 06:00:00 მსოფლიო
ისრაელის მთავრობამ ლიბანში მოქმედ გასამხედროებულ ისლამისტურ ორგანიზაცია "ჰეზბოლასთან" კონფლიქტის გამწვავების და მის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის გამო ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ეს რეჟიმი მთავრობას და არმიას ანიჭებს ფართო უფლებამოსილებას, საჭიროების შემთხვევაში სამოქალაქო უფლებების შესაზღუდად.
დღეს ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ "ჰეზბოლამ" ისრაელის ჩრდილოეთს კვლავ შეუტია 20-მდე რაკეტით, რომელთა ნაწილი მოიგერიეს, ნაწილი კი დაუსახლებელ ადგილას ჩამოვარდა. ისრაელის ავიაციამ ლიბანის ტერიტორიაზე საპასუხო იერიში მიიტანა. "ჰეზბოლას" ცნობით, შუაღამის შემდეგ რაკეტებით დაარტყეს ისრაელის ავიაბაზას, რომელიც ქალაქ აფულასთან მდებარეობს. შედეგების შესახებ მხარეები არაფერს იუწყებიან.
რას ამბობს ისრაელი
23 სექტემბერს ისრაელის არმიამ ლიბანის სამხრეთზე და აღმოსავლეთში მდებარე ბეკაას ველის რაიონზე ავიაგამანადგურებლებით და დრონებით ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დაარტყეს "ჰეზბოლას" 1100-ზე მეტ ობიექტს, მათ შორის – რაკეტების და დრონების საწყობებს. ისრაელის არმიის გენერალური შტაბის უფროსმა ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ ოპერაცია გაგრძელდება და მისი სამიზნეა ინფრასტრუქტურა, რომელსაც "ჰეზბოლა" ისრაელთან საომრად ბოლო ოცი წლის განმავლობაში ქმნიდა.
23 სექტემბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვა გაავრცელა და "ჰეზბოლას" მიერ კონტორლირებული რაიონების მცხოვრებთ დროებით ევაკუაციისკენ მოუწოდა. ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ებრძვის არა მშვიდობიან ხალხს, არამედ "ჰეზბოლას", რომელიც დიდი ხანია მათ ფარად იყენებს.
რას ამბობს ლიბანი
ლიბანის მთავრობის ინფორმაციით, 23 სექტემბერს ისრაელის ავიადარტყმების შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 492 ადამიანი, მათ შორის 35 ბავშვი. ლიბანის სახელმწიფო მედიის ცნობით, დაჭრილია 1645 ადამიანი.
ლიბანის მთავრობამ ისრაელი ფსიქოლოგიურ ომშიც დაადანაშაულა.
რატომ გაწვავდა ლიბანსა და ისრაელს შორის ურთერთობა
ლიბანის სამხრეთზე ისრაელის მასირებული შეტევა 19 სექტემბერს დაიწყო იმ დროს, როცა "ჰეზბოლას" ლიდერი ჰასან ნასრალა სიტყვით გამოდიოდა წინა ორი დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენების გამო. მანამდე, 17 და 18 სექტემბერს ლიბანში "ჰეზბოლას" წევრებს მასობრივად აუფეთქდათ პორტატიული საკომუნიკაციო საშუალებები (პეიჯერები, რაცია). დაიღუპა, სულ მცირე, 37 ადამიანი და 3000-მდე დაიჭრა. "ჰეზბოლამ" პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა. ორგანიზაციის ლიდერმა ჰასან ნასრალამ 19 სექტემბერს სატელევიზიო მიმართვისას თქვა, რომ ეს თავდასხმა გასცდა ყველა "წითელ ხაზს", ომის გამოცხადებად უნდა შეფასდეს და ისრაელს შესაბამის პასუხს გასცემენ. 21 სექტემბერს "ჰეზბოლამ" ათეულობით რაკეტით შეუტია ისრაელის ჩრდილოეთს.
ისრაელს ირანის მიერ მხარდაჭერილი "ჰეზბოლა" ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული. "ჰეზბოლა" ისრაელს მთავარ მტრად მიიჩნევს.
საერთაშორისო რეაქცია
ბოლო დღეებში რეგიონში განვითარებული მოვლენების გამო 23 სექტემბერს საფრანგეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა.
"ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა რეგიონი შესაძლოა, გაცილებით ფართო კონფლიქტში ჩაითრიოს, რაც წარმოუდგენელ შედეგებს გამოიწვევს და გამარჯვებას ვერცერთ ქვეყანას ვერ მოუტანს", – ამის შესახებ 23 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს „დიდი შვიდეულის“ (G7) წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა. მათ კონფლიქტის მხარეებს ამ დამანგრეველი ციკლის შეჩერებისკენ მოუწოდეს.
G7-ის წევრები არიან აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგთი, იტალია და იაპონია.