
ჯებირის დაზიანებაზე დაკავებული ახალგაზრდები კვლავ პატიმრობაში რჩებიან
23/09/2024 14:58:32 სამართალი
"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულ ორი ახალგაზრდა, საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან. მოსამართლე ნათია გუდაძემ ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ ან თავდებობით გათავისუფლების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, – იუწყება "ტვ პირველი".
ადვოკატებმა აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის თავდებობით ან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა წარმოადგინეს, თუმცა დაცვის მხარის პოზიცია ბრალდების მხარემ არ გაიზიარა და პატიმრობა ძალაში დატოვა.
მოსამართლემ მომდევნო სხდომა 11 ნოემბერს ჩანიშნა.
საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის საქმე საზოგადოებაში 400-ლარიანი რკინის ჯებირის საქმით არის ცნობილი. 23 წლის საბა მეფარიშვილსა და 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილს პროკურატურა ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ედავება.
შეგახსენებთ, რომ საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 14 მაისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის გ-ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი (ნივთის დაზიანება ჯგუფურად), რაც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.