
ისრაელმა ბეირუთში "ჰეზბოლას" ორი სამხედრო ლიდერის და 11 მაღალჩინოსნის ლიკვიდაცია განახორციელა
23/09/2024 13:17:07 მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალებში დაადასტურეს, რომ "ჰეზბოლას" ელიტარული "რადვანის" ძალების რამდენიმე მეთაური გაანადგურეს ბეირუთში დარტყმის შედეგად, რომელსაც "ჰეზბოლას" სამხედრო ოპერაციების ხელმძღვანელი იბრაჰიმ აქილიც ემსხვერპლა. იტყობინება The Times of Israel.
ისრაელმა გამოაქვეყნა დანაყოფის 11 მაღალი თანამდებობის პირის სია.
"ჰეზბოლამ" აღიარა, რომ საჰაერო თავდასხმის შედეგად მოკლულია მისი ორი მეთაური და დაჯგუფების 14 სხვა წევრი, რომლებიც ბეირუთის საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში იკრიბებოდნენ.
"რადვანის" ძალები ხელმძღვანელობენ "ჰეზბოლას" სახმელეთო ოპერაციებს სამხრეთ ლიბანში. იბრაჰიმ აქილი ჰეზბოლას სამხედრო ოპერაციების მეთაური და "რადვანის" ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ის "რადვანის" ძალების მეთაურებს ბეირუთში, საცხოვრებელი კორპუსის ქვეშ ხვდებოდა.
დაღუპულთა შორისაა აჰმედ ვაჰბიც, რომელიც "ჰეზბოლას" სასწავლო განყოფილების ხელმძღვანელი და რადვანის ძალების ყოფილი მეთაური იყო. ისრაელელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ვაჰბი მონაწილეობდა სარაკეტო დაბომბვებში.
"ეს მეთაურები ხელმძღვანელობდნენ და გეგმავდნენ "რადვანის" ძალების თავდასხმას და ისრაელის ტერიტორიაზე შეღწევის გეგმას წლების განმავლობაში, რომელიც უნდა შესრულებულიყო ბრძანების მიღების შემდეგ. აქილი და დარტყმის შედეგად მოკლული მეთაურები პასუხისმგებელნი იყვნენ ისრაელის წინააღმდეგ ასობით ტერორისტული ოპერაციის დაგეგმვაზე და განხორციელებაზე," - განაცხადეს ისრაელის თავდაცვის ძალებში.
ლიბანის ჯანდაცვის მინისტრმა ფირას აბიადმა განაცხადა, რომ დაბომბვის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 37-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვი და რამდენიმე ქალია.