
რუსეთმა ვერ დაბლოკა გაერო-ს რეფორმა, რომელიც მას ვეტოს უფლებას უზღუდავს
23/09/2024 11:20:33 მსოფლიო
რუსეთი შეეცადა, დაებლოკა გაერო-ს რეფორმა, რომელიც ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს წესდებაში რიგი მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას ითვალისწინებს, მათ შორის - მუდმივ წევრთა რაოდენობისა და მათ მიერ ვეტოს უფლების გამოყენების შეზღუდვის მიმართულებით.
რუსი დიპლომატების ამ მცდელობას წინააღმდეგობა მოჰყვა, მათ შორის, ე.წ. გლობალური სამხრეთის იმ ქვეყნების მხრიდანაც კი, რომელთა მოსყიდვა-გადაბირებასაც ცდილობდა მოსკოვი მთელი ბოლო პერიოდის განმავლობაში დასავლეთთან დაპირისპირების ფარგლებში.
რეფორმათა პაკეტი სახელწოდებით "პაქტი მშვიდობისთვის" კვირას, 22 სექტემბერს გახსნილ "მომავლის სამიტზე" იქნა წარმოდგენილი. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტიერეშმა დოკუმენტი "საერთაშორისო სისტემის უფსკრულის პირიდან გაყვანის მცდელობად" შეაფასა და ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
პაქტი მოიცავს 56 ნაბიჯს, რომელთა შორისაა გაერო-ს უშიროების საბჭოს გაფართოება ამ ორგანოს წარმომადგენლობითობის გასაზრდელად, ღონისძიებები მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის უზენაესობის განსამტკიცებლად, გაერო-ს სამშვიდობო ძალების რეორგანიზება, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეფორმა, გაერო-ს მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაზე მიმართული ღონისძიებები, ადამიანის უფლებების, სამართლიანობის, თანასწორობის, მათ შორის გენდერული თანასწორობის დაცულობაზე მიმართული ნაბიჯები და სხვა.
დოკუმენტს 143-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 7-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 15-მა თავი შეიკავა.
მოწინააღმდეგეთა შორის იყვნენ რუსეთი და მისი მოკავშირეები - ბელარუსი, სირია, ჩრდილოეთ კორეა, სუდანი, ირანი და ნიკარაგუა.
რუსეთის წარმომადგენელმა სერგეი ვერშინინმა წარადგინა შესწორება, რომლის თანახმად, "გაერო და მისი ორგანოები არ უნდა ერეოდნენ საქმეებში, რომელიც არსობრივად, ამა თუ იმ ქვეყნის შიდა იურისდიქციას მიეკუთვნება". ჯამში კი რუსული დელეგაცია პაქტის 25 მუხლს აპროტესტებდა და დამატებითი კონსულტაციებისთვის კენჭისყრის გადადებას მოითხოვდა, თუმცა საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, მათ შორის - ვერც აფრიკისა და ლათინური ამერიკის იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებსაც მოსკოვი საერთაშორისო ასპარეზზე თავის მოკავშირებად ასაღებს.
აღსანიშნავია, რომ პაქტის რიგი მუხლები პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსეთის ქმედებებს უკრაინაში.
დოკუმენტის ერთ-ერთი მუხლი კი ეხება გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრთა რაოდენობის ზრდასა და მათ მიერ ვეტოს უფლების გამოყენების შეზღუდვას. ამჟამად ამ უფლებით სარგებლობს საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი - ბრიტანეთი, ჩინეთი, რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. ამასთან, ვეტოს უფლება რუსეთსა და ჩინეთს არაერთგზის გამოუყენებიათ მოსკოვის დესტრუქციული, საერთაშორისო სამართლის დამრღვევი ქმედებების დაგმობისა და შეჩერების აღსაკვეთად.
"ჩვენ გავააქტიურებთ ძალისხმევას ვეტოს უფლების მომავლის საკითხზე კონსენსუსის მისაღწევად მისი გამოყენების შეზღუდვის მიმართულებით" - ნათქვამია პაქტში.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირება პირველხარისხოვან და გადაუდებელ ამოცანადაა დასახელებული.