ჰერჩინსკი: მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ მხარეს, განსაკუთრებით მთავრობას, უზრუნველყოს, რომ არჩევნები ჩატარდეს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტით
20/09/2024 09:11:03 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი მოუწოდებს "ყველა პოლიტიკურ მხარეს, განსაკუთრებით მთავრობას, უზრუნველყოს, რომ არჩევნები ჩატარდეს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტით". ამის შესახებ მან „სამართლიანი არჩევნების“ ოფისში განაცხადა, სადაც ISFED-ის აღმასრულებელ დირექტორ ნინო დოლიძესა და ორგანიზაციის თანამშრომლებს შეხვდა.
„ISFED-ის შტაბში ვარ. მადლიერი ვარ ნინო დოლიძისა და მისი გუნდის ჩვენი მასპინძლობისთვის. ევროკავშირისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, კონკურენტუნარიანი, გამჭვირვალე, ინკლუზიური და, უპირველეს ყოვლისა, არ იყოს ძალადობა. თავიდან უნდა იყოს აცილებული ძალადობა. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ მხარეს, განსაკუთრებით მთავრობას, უზრუნველყოს, რომ არჩევნები ჩატარდეს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტით.
როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერდით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. განსაკუთრებით ის ორგანიზაციები, რომლებიც ჩართული არიან ადგილობრივ სადამკვირვებლო პროცესში, ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებენ იმის უზრუნველყოფაში, რომ არჩევნები უმაღლესი სტანდარტით ჩატარდეს. როგორც ევროკავშირი, ჩვენ ამაყი ვართ, რომ მხარს ვუჭერთ ISFED-ს და სხვა ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. იმედი გვაქვს, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ გვეყოლება ახალი მთავრობა და ვინც არ უნდა მოიგოს არჩევნები, ეს ახალი მთავრობა განაახლებს რეფორმებს, რომლებიც საჭიროა ევროპული გზაზე წარმატებისთვის“, – განაცხადა,"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, პაველ ჰერჩინსკიმ.


