ევროკავშირი: გავაგრძელებთ საქართველოსთვის სათანადო მხარდაჭერის აღმოჩენას და მისი მდგრადობის გაძლიერებას რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევი მოქმედებების ფონზე
20/09/2024 07:31:54 პოლიტიკა
ვროკავშირის განცხადებით, ბლოკი გააგრძელებს საქართველოსთვის სათანადო მხარდაჭერის აღმოჩენას და მისი მდგრადობის გაძლიერებას რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევი მოქმედებების ფონზე.
"2024 წლის 7 აგვისტოს გავიდა 16 წელი რუსეთსა და საქართველოს შორის ომის დაწყებიდან. ევროკავშირი რჩება ერთგული საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ.
ჩვენ კვლავ გმობთ რუსეთის სამხედრო ძალების უკანონო ყოფნას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რაც არღვევს როგორც საერთაშორისო სამართალს, ასევე რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებები კვლავ ირღვევა, მათ შორის "ბორდერიზაციის" პოლიტიკით, გადასასვლელების დახურვით და რუსეთის სამხედრო და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ უკანონო დაკავებებით. აუცილებელია შეწყდეს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, გამოძიებულ იქნას ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები და უზრუნველყოფილ იქნას სამართლიანობა ყველა დაზარალებულისთვის.
ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთვის ყველა შესაბამისი მხარდაჭერის გაწევას იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომლებსაც ის აწყდება, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად, და მისი მდგრადობის გასაძლიერებლად რუსეთის დესტაბილიზაციური ქმედებების წინაშე.
ჩვენ კვლავ სრულად ვართ ერთგული კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისა, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში (GID) ევროკავშირის თანათავმჯდომარეობით, სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მუშაობით და ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM საქართველო) უწყვეტი ყოფნით. მოვუწოდებთ GID-ს ყველა მონაწილეს კონსტრუქციულად ჩაერთონ მოლაპარაკებებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრულად განსახორციელებლად.
ევროკავშირი კვლავ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", – ნათქვამია განცხადებაში.


