„2008 წლის ომი, გარე დაკვეთით, სწორედ „ნაციონალებმა“ დაიწყეს“ - ივანიშვილს რუსეთი არც ამჯერად უხსენებია
19/09/2024 17:09:56 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა ამჯერად რუსთავში ისაუბრა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომზე, მას არც ამჯერად უხსენებია რუსეთი, როგორც აგრესორი და კვლავ თქვა, რომ ენმ-მ „გარე დავალების შესასრულებლად“, წამოიწყო ომი.
„კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ყველაფერი ქართულის წინააღმდეგ მოქმედებს, არათუ ხელისუფლებას აღარ უნდა გავაკაროთ, არამედ უნდა დადგეს მათი არაკონსტიტუციურად გამოცხადებისა და უმკაცრესად გასამართლების საკითხი. ამ უსამშობლო ადამიანებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ არა მხოლოდ საკუთარი მოქალაქეების წამებასა და მკვლელობაზე, ბიზნესის რეკეტზე, ქვეყანაში გამეფებულ კორუფციაზე და იმ ავტორიტარიზმზე, რომელშიც წლების განმავლობაში გვაცხოვრეს, არამედ, პირველ რიგში, უმძიმეს დანაშაულზე - დანაშაულზე, რომელსაც საქართველო მათ არასოდეს აპატიებს. სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“ პასუხისმგებელი იმ უმძიმეს ტრაგედიაზე, რომელიც 2008 წელს დატრიალდა. გარე დავალების შესასრულებლად, მათ წამოიწყეს ომი, რომელიც 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლის, 30 ათასი ადამიანის დევნილობისა და დაკარგული ტერიტორიების ფასად დაგვიჯდა!“
მან თქვა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლით და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, „თქვენ იღებთ გარანტიას, რომ საქართველოს ომში ჩართვას ვეღარავინ შეძლებს, ხოლო ომის დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან“,- მას არ დაუზუსტებია, კონკრეტულად ვის გულისხმობს „ომის დამნაშავეებში“, თუმცა თუ განცხადების პათოსით ვიმსჯელებთ, სავარაუდოდ, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს და არა იგივე ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დამნაშავეებად გამოცხადებულ პირებს.
ამასთან, მან კვლავ გააგრძელა „ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნო პერიოდში შემოტანილი ხაზი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და ამისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების აუცილებლობის, თუმცა არ გაუმხელია, როგორ აპირებს ამას, მით უფრო, რომ არანაირი წინაპირობა არ იგრძნობა, მეტიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძლიერდება რუსეთის ანექსიური პოლიტიკა:
„მშვიდობა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ გლობალური ცვლილებების გათვალისწინებით, რაც ჩვენს გარშემო და ზოგადად, მსოფლიოში ხდება, ვფიქრობთ, ახლოვდება დრო, როდესაც დიდი ხნის ნატვრას ავიხდენთ და მშვიდობიანი გზით გამთლიანებულ საქართველოს ვიხილავთ! ამისათვის ნებისმიერ მომენტში უნდა ვიყოთ მზად. შესაბამისად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას ამ კუთხითაც ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება. ვერავინ უნდა შეძლოს, წინ აღუდგეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელთა განხორციელება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისას გახდება აუცილებელი!“.
მან გაიხსენა გორში მის მიერ გაკეთებული განცხადება ბოდიშის შესახებ, რომელსაც საზოგადოებაში, მათ შორის აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების ოჯახების აღშფოთება მოჰყვა და ეს პროტესტი „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ დაუკავშირა:
„როდესაც ქალაქ გორში, ჩემს გამოსვლაში შერიგებისა და ურთიერთპატიების მნიშვნელობაზე ვისაუბრე, კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ შერიგებას ღალატი, ხოლო შენდობას მტრობა დაარქვა. ამით კიდევ ერთხელ აჩვენეს ქართველ ხალხს, რომ გარდა ომისა და ნგრევისა, გარდა ეთნიკური შუღლის გაღვივებისა, მათთვის სხვა გზა და მიზანი არ არსებობს! ჩვენი ქვეყნის მტრებს ყველაზე მეტად სწორედ მათი სიტყვა და ქმედება ააშკარავებს. უკვე ორ თვეზე მეტია გადაჭრით ვამბობთ, რომ 2008 წლის ომი, გარე დაკვეთით, სწორედ ნაციონალებმა დაიწყეს, თუმცა, არც ერთ მათგანს მცდელობაც კი არ ჰქონია, თავი ემართლებინა. გასაგებია, რომ ნაცმოძრაობის მიერ ომის გაჩაღების მტკიცებულებები ხელის გულზე დევს, გასაგებია, რომ ცნობილ რეზოლუციაზე ხმის მიცემით, შემდეგ კი ტალიავინის დასკვნაზე დათანხმებით, მათ საომარი მოქმედებების დაწყება ისედაც აღიარებული აქვთ, მაგრამ, ალბათ, მსგავს თვითლუსტრაციას მაინც არავინ ელოდა. ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის, შერიგებისა და ურთიერთშენდობის საკითხი სწორედ ის საკვანძო თემაა, რომელმაც მთელი აგენტურა გავეშებული გამოდევნა უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებული ბუნაგებიდან. მათი რეაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დავალებული ჰქონდათ და აქვთ ერთადერთი რამ - საქართველო იყოს მუდმივი კონფლიქტისა და დაპირისპირების რეჟიმში. სწორედ ამიტომ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მზადება, პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე გადის. „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების პირობებში, რადიკალურ ოპოზიციას ყველანაირი რესურსი გამოეცლება, საქართველოს გამთლიანებას ხელოვნური ბარიერი შეუქმნას და ქვეყანა მუდმივ კონფრონტაციაში ამყოფოს“.


