
ყაზახეთის კვალდაკვალ, სანქციების გვერდის ავლაში რუსეთის დახმარებას უზბეკეთიც წყვეტს
19/09/2024 08:31:34 მსოფლიო
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში მოსკოვის დახმარებას უზბეკეთიც წყვეტს.
ამ მიზნით ყაზახეთის კვალდაკვალ, აშშ-ის სასაზღვრო-საბაჟო სამსახურთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება უზბეკეთის შესაბამის უწყებამაც გააფორმა - კიდევ ერთმა ქვეყანამ, რომლის ტერიტორიის გავლითაც რუსეთში პარალელური იმპორტი ხორციელდებოდა და მოსკოვს ორმაგი დანიშნულების საქონელი მიეწოდებოდა.
უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრა, რომელიც ამერიკულ და უზბეკურ მხარეებს შორის 13 სექტემბერს გაიმართა, მსგავსი ფორმატის პირველი დიალოგი იყო ქვეყნებს შორის 32 წლის წინ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ.
სადღეისოდ აშშ-ს ანალოგიური შეთანხმებები უზბეკეთის ჩათვლით 18 სახელმწიფოსთან აქვს გაფორმებული.