გერმანიის საგარეო უწყება – ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონის მიღებაზე: "საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირისგან"
18/09/2024 11:17:43 პოლიტიკა
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის მიერ ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონის მიღებას ეხმიანება.
„საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო პაკეტი მიმართულია ლგბტქი-პირების დისკრიმინაციისკენ. როგორც ვენეციის კომისიამ დაადგინა, იგი არღვევს ადამიანის ინდივიდუალურ სამოქალაქო უფლებებს. ის საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირისგან. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს თავისი კურსი“, - აცხადებენ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ცნობისთვის: 17 სექტემბერს პარლამენტმა ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონი მიიღო. კენჭისყრაზე მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. ასევე კენჭი უყარეს ამ კანონის თანმდევ პროექტებსაც, რომლებმაც უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღო.
ოპოზიციის დიდი ნაწილი საპარლამენტო ბოიკოტის გამო სხდომას არ ესწრებოდა.
კანონი, მათ შორის, გულისხმობს ცვლილებას „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, შესაძლოა, დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ის ეხება, მაგალითად, ცილისწამებას, პირისპირ შეურაცხყოფას, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებას, უხამსობას და ა.შ.
კანონის მიღების შემდეგ დაუშვებელი ხდება „საჯაროდ ისეთი შეკრება ან/და მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, მაუწყებლები ვალდებული იქნებიან, არ გაავრცელონ ისეთი რეკლამა და ინფორმაცია, რომლებიც მიმართულია ლგბტ „ურთიერთობებისა და ინცესტის პოპულარიზაციისკენ“. გარდა ამისა, ლგბტ სექსისა და ინცესტის ამსახველი კადრების ტელეეთერში გაშვება აიკრძალება.


