ბორელი: "მოვუწოდებ საქართველოს, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონი გაიწვიოს"
18/09/2024 08:15:46 პოლიტიკა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი საქართველოს პარლამენტის მიერ ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონის მიღების ფაქტს ეხმიანება.
„საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონები „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ, რომლებიც ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს ძირს გამოუთხრის და დისკრიმინაციასა და სტიგმატიზაციას გაზრდის. მოვუწოდებ საქართველოს, ეს კანონი გაიწვიოს, რომელიც ქვეყანას ევროკავშირს კიდევ უფრო აშორებს", –წერს ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: 17 სექტემბერს პარლამენტმა ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონი მიიღო. კენჭისყრაზე მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. ასევე კენჭი უყარეს ამ კანონის თანმდევ პროექტებსაც, რომლებმაც უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღო.
ოპოზიციის დიდი ნაწილი საპარლამენტო ბოიკოტის გამო სხდომას არ ესწრებოდა.
კანონი, მათ შორის, გულისხმობს ცვლილებას „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, შესაძლოა, დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ის ეხება, მაგალითად, ცილისწამებას, პირისპირ შეურაცხყოფას, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებას, უხამსობას და ა.შ.
კანონის მიღების შემდეგ დაუშვებელი ხდება „საჯაროდ ისეთი შეკრება ან/და მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, მაუწყებლები ვალდებული იქნებიან, არ გაავრცელონ ისეთი რეკლამა და ინფორმაცია, რომლებიც მიმართულია ლგბტ „ურთიერთობებისა და ინცესტის პოპულარიზაციისკენ“. გარდა ამისა, ლგბტ სექსისა და ინცესტის ამსახველი კადრების ტელეეთერში გაშვება აიკრძალება.


