"მოლაპარაკება არ დაგვიმთავრებია" - ხაზარაძე გახარიასა და პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ
17/09/2024 15:33:43 პოლიტიკა
შევთანხმდით, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გავუშვათ ხელისუფლებიდან და ქვეყანა ძალიან სწრაფად დავაბრუნოთ ევროპული განვითარების გზაზე,- განაცხადა კოალიცია "ერთიანობის" ერთ-ერთმა ლიდერმა და "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პრეზიდენტის სასახლის დატოვების შემდეგ, სადაც სალომე ზურაბიშვილსა და "საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიას შეხვდა. მანამდე მათ პირისპირ გამართეს მოლაპარაკებები, თუმცა მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
"ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე - ვისაუბრეთ წარსულზე, მაგრამ რაც მთავარია, მომავალზე. ქვეყანა არის გზაგასაყარზე, მას ემუქრება ძალიან სერიოზული საშიშროება - ეს არის რუსული არჩევანი ან ჩვენი ევროპული არჩევანი. ამ თემაზე ვისაუბრეთ",- თქვა ხაზარაძემ.
კითხვაზე, შედგება თუ არა კოალიცია, ხაზარაძემ უპასუხა,"ჩვენ მოლაპარაკება არ დაგვიმთავრებია. არის კიდევ საკითხები და ეს არ არის ტექნიკური. ჩვენ ავიღეთ პაუზა, ვისაუბრებთ".
"დაპირისპირება იყო, არ უარვყოფ. იყო დაპირისპირება მნიშვნელოვან პროექტზე - ანაკლიაზე. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ ანაკლია აუცილებლად უნდა აშენდეს ევროპული და ამერიკული ინვესტიციებით. რა თქმა უნდა, ჩინელებიც შეიძლება იყვნენ ამ პროექტში, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, რომელზეც არის თანხმობა. [...] თუ სხვა საკითხებს გულისხმობთ (იქნება წერილი, ანაკლია თუ სხვა), ჩვენი პოზიციაა, ყველა ეს საკითხი უნდა იქნას გარკვეული დამოუკიდებელი სასამართლოს და პროკურატურის პირობებში".
მანამდე მათ გაერთიანებისკენ პრეზიდენტმა მოუწოდა და ორივე ერთმანეთთან დაპირისპირებული ლიდერი მასთან მიიწვია სადილად.


