Accentnews.ge
საქართველოს პრემიერი "მძინარე ცხინვალის დაბომბვაზე" რუსულ ნარატივს იმეორებს

საქართველოს პრემიერი "მძინარე ცხინვალის დაბომბვაზე" რუსულ ნარატივს იმეორებს

17/09/2024 10:47:14 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე "მძინარე ცხინვალის დაბომბვაზე" რუსულ ნარატივს იმეორებს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.

„საბოლოოდ, ყველაფერი შედეგებით იზომება. გარედან მართული სააკაშვილის რეჟიმის მიზანმიმართულმა ნაბიჯებმა - სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრების აღდგენამ, ცხინვალის რეგიონში ალტერნატიული სეპარატული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამ, აგრესიულმა რიტორიკამ, გამუდმებულმა სამხედრო პროვოკაციებმა და ბოლოს, 7 აგვისტოს ცხინვალის დაბომბვამ მოიტანა უმძიმესი შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის - დაიღუპა 400-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი, 30 ათასი ადამიანი იქცა დევნილად საკუთარ სამშობლოში, საქართველომ დაკარგა ტერიტორიების 20 პროცენტი და უმძიმესი ზიანი მიადგა ნდობას ქართველებსა და ოსებს შორის. ეს შედეგები უნდა გაიაზროს ყველამ, მათ შორის იმ ადამიანებმა, რომლებსაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ურთიერთპატიებისა და შერიგების წინააღმდეგ განცხადებების გაკეთებას თხოვს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წლის აგვისტოში ქართული ჯარი იყო ის, ვინც, მაშინდელი ხელისუფლების ღალატის ფონზე, ქართულ სახელმწიფოს ღირსება შეუნარჩუნა. შესაბამისად, ჩვენი ვალია ქედი მოვიხაროთ თითოეული ჯარისკაცის წინაშე, რიგითებით დაწყებული სამხედრო მეთაურებით დამთავრებული, რომელმაც ბრძანება ჯარისკაცის ფიცის შესაბამისად შეასრულა და 2008 წელს სამშობლოსათვის გმირულად იომა, განსაკუთრებით კი იმ გმირების წინაშე, რომლებმაც სამშობლოს ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე შესწირეს", – განაცხადა პემიერმა.

ისინი, ვინც ოსების წინაშე მობოდიშების მზადყოფნის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა, პრემიერმა "ეროვნული ინტერესების პირდაპირ ღალატში" დაადანაშაულა.

"მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა. ეს ამოცანა კი, მხოლოდ შერიგების და შესაბამისად, ორმხრივი მონანიების პირობებში შეიძლება შესრულდეს. აქედან გამომდინარე, ვინც მონანიებისა და შერიგების იდეას უპირისპირდება, ის შეგნებულად ეწინააღმდეგება მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რაც საქართველოს ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალატია“, - განაცხადა პრემიერმა.

ამავე თემაზე: "ოცნების" ბრალდების "ბეწვის ხიდი": კითხვის ნიშნის ქვეშ დასვამს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ტერიტორიული მთლიანობის საკითხში!

რაც შეეხება პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ შემოთავაზებულ ვერსიას, რომ ომის დაწყებაში პრეზიდენტის დადანაშაულება ქვეყნის დადანაშაულებას "არავითარ შემთხვევაში" არ ნიშნავს, რადგან ის მოქმედებდა როგორც „აგენტი“, „არ გამოხატავდა ქვეყნის ინტერესს“ და „ჩაიდინა ღალატი“ – სპეციალისტები ამბობენ, რომ საერთაშორისო სამართალი ცალკეულ პერსონებსა თუ პარტიებს „ვერ ხედავს“:

  • „პრემიერ–მინისტრი როდესაც ლაპარაკობს, ეს არა პერსონალური, არამედ სახელმწიფოს პოზიციაა – შეერაცხება სახელმწიფოს. მით უმეტეს, როდესაც საუბარია პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საჯარისო ფორმირებების გამოყენებასა და სახელმწიფოთაშორის [კონფლიქტში] მონაწილეობაზე, რა თქმა უნდა, ეს სახელმწიფოა – არანაირ სახელს და გვარს მნიშვნელობა არ აქვს. არც მემკვიდრეობას აქვს მნიშვნელობა: 20 წლის მომხდარი ფაქტი რომ დადგინდეს თანამედროვეობაში, რომელიც სახელმწიფოს შეერაცხება, მემკვიდრეობით ეს საკითხი მოქმედ ხელისუფლებაზე გადავა – საერთაშორისო სამართალს არ აინტერესებს, პარტიები და პერსონები, მას აინტერესებს სახელმწიფო. [...] საერთაშორისო სამართალი ამგვარადაა მოწყობილი, რომ ქვეყანა რომელიც იწყებს ომს, ეს საერთაშორისო სამართლის ყველაზე მძიმე დარღვევაა! ვინც არღვევს საერთაშორისო სამართალს, მას ამისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება! თეორიულად რომ დავუშვათ და გავყვეთ ამ ჰიპოთეტურ პროცესს, ეს იქნება უაღრესად დამაზიანებელი – კითხვის ნიშნის ქვეშ დასვამს, კონკრეტული პირის პასუხისმგებლობას კი არა, არც მეტი და არც ნაკლები – სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ტერიტორიული მთლიანობის საკითხში: ქვეყანა, რომელიც თავს ესხმის ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს, საერთაშორისო სამართალში წარმოშობს საფუძვლებს, რომ დაიწყოს პროცესი ამ ხალხის გადარჩენის – ანუ მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის“, – ამბობს „აქცენტთან“ იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი 2008-2016 წლებში ლევან მესხორაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S